რამ გამოიწვია და როდის გამოსწორდება გლობალური შეფერხება — რა ვიცით
რის გამო გაჩნდა კომპიუტერებზე "სიკვდილის ლურჯი ეკრანი"
ბანკები, ავიახაზები, ჯანდაცვის სერვისები და სატელევიზიო ქსელები გლობალურად შეფერხებით მუშაობს.
ეს, სავარაუდოდ, Windows-ის პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზმა გამოიწვია, რომელიც კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-ს უკავშირდება. ეს უკანასკნელი Microsoft-ისათვის გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს.
დღეს მომხმარებლების ეკრანებზე ხარვეზის შეტყობინებები ჩნდება: "მოწყობილობას პრობლემა აქვს და რესტარტია საჭირო. ჯერ შეფერხების ინფორმაციას ვაგროვებთ, შემდეგ კი თქვენ ნაცვლად გავუკეთებთ რესტარტს". ამას "სიკვდილის ლურჯ ეკრანს" (BSoD) უწოდებენ.
შეფერხების მიზეზების კვლევას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა CrowdStrike-მა განაცხადა, რომ პრობლემასთან დაკავშირებულ განახლებას მიაგნო და ეს ცვლილებები საწყის მდგომარეობას დაუბრუნა. თეორია ამჟამად ისაა, რომ სისტემის შეფერხება განახლებაში არსებულმა ხარვეზმა გამოიწვია.
ამასობაში Microsoft-მა The Verge-ის წარმომადგენელს დაუდასტურა, რომ პრობლემის არსებობის შესახებ საქმის კურსში არიან და მის მოგვარებას მალე ელიან.
ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდება შეფერხება. CrowdStrike-მა ხარვეზის დროებით გამოსასწორებელი ალტერნატიული მეთოდი გამოაქვეყნა, მაგრამ ინსტრუქციის შესასრულებლად გარკვეული დრო მაინც იქნება საჭირო, თანაც ეს მილიონობით კომპიუტერზე უნდა გაკეთეს. საქმეს განსაკუთრებით ართულებს ის, რომ კომპიუტერები BSoD-ის წრეშია გაჭედილი — როცა მოწყობილობაზე BSoD არის გაჩენილი, რესტარტის გაკეთების შემდეგ "სიკვდილის ლურჯი ეკრანი" მაშინვე ხელახლა გამოდის.
ჯორჯ კურცმა, CrowdStrike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოსტი გამოაქვეყნა. იგი ამბობს, რომ "პრობლემას მიაგნეს, გამოაცალკევეს და მისი მოგვარება დაიწყეს". მომხმარებლებს კომპანია მხარდაჭერის პორტალის სტუმრობას ურჩევს, სადაც ამბის განახლებები იდება. კურცის თქმით, CrowdStrike "ვებსაიტზე განაგრძობს სრული და უწყვეტი სიახლეების მიწოდებას".
ტომ კიდველი, Ecliptic Dynamics-ის თანადამფუძნებელი, პრობლემასა და მისი გამოსწორების საკითხს შემდეგნაირად ხედავს:
"Window-ის მოწყობილობების შეფერხება, როგორც ჩანს, CrowdStrike-ის მხრიდან დრაივერის განახლებამ გამოიწვია. ამან Windows-ის შედარებით ძველი მოწყობილობები და სერვერები გამოიყვანა მწყობრიდან, რაც ყველაზე ცუდია. საუბედუროდ, თუ ეს მართლაც ასეა, CrowdStrike-ისათვის ძალიან რთული გამოსასწორებელი იქნება. განახლების ბუნების გათვალისწინებით, ყველა ორგანიზაციის ცალკეულმა ინდივიდმა კომპიუტერი უსაფრთხო რეჟიმში უნდა ჩატვირთოს, პრობლემური ფაილი/დრაივერი მოაშოროს და მოწყობილობა ან საწყის მდგომარეობას დაუბრუნოს, ან განახლება დააყენოს, რომლის გამოშვებაც CrowdStrike-ს ძალიან სწრაფად დასჭირდება".
ცნობილია, რომ ხარვეზმა არაერთი სისტემის ფუნქციონირება შეაფერხა. ბიზნესებისა თუ ორგანიზაციების არასრულ ჩამონათვალს ამ ბმულზე იხილავთ.
კომენტარები