ჩამონათვალი: სერვისები, რომლებიც გლობალური შეფერხების გამო ხარვეზებით მუშაობს
რა სერვისები შეფერხდა გლობალურად და საქართველოში
ბანკები, ავიახაზები, ჯანდაცვის სერვისები და სატელევიზიო ქსელები გლობალურად შეფერხებით მუშაობს. ეს, როგორც ჩანს, Windows-ის პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზმა გამოიწვია, რომელიც კიბერუსაფრთხოების ფირმა Crowdstrike-ს უკავშირდება.
იხილეთ: ავიახაზები, TV ქსელები და ბანკები გლობალურად შეფერხებით მუშაობს — რა ვიცით
როგორც ჩანს, მსოფლიოს არაერთ მოწინავე ბიზნესსა და ორგანიზაციას შეექმნა პრობლემა. ზარალდება ყველა, ვინც ამ სერვისებს მოიხმარს — მილიონობით თუ არა, ათასობით მომხმარებელი, პაციენტი თუ მოგზაური მაინც. უკვე ასობით ფრენა გადაიდო ან გაუქმდა; უქმდება საავადმყოფოში ჩანიშნული ვიზიტებიც.
ცნობისთვის, საქართველოში ჯერჯერობით ყველა ეს სერვისი გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა, შესაძლოა, პრობლემა უცხოური სერვისების ხელმიუწვდომლობამ შექმნას. გლობალურ შეფერხებას ქართველი მგზავრებიც ეხმაურებიან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ავიახაზები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუმცა შეფერხების გამო ქუთაისიდან ჩასული მგზავრები ბერლინის აეროპორტში ვერ მიიღეს.
ავიახაზებს შორის პრობლემა შეექმნა Ryanair-საც. კომპანიამ შემდეგი განცხადება გაავრცელა: "ამჟამად ჩვენი ქსელი შეფერხებით მუშაობს მესამე მხარის გლობალური IT შეფერხების გამო, რაც ჩვენზე საერთოდ არაა დამოკიდებული. დაჯავშნა და რეგისტრაციის გავლა ამჟამად შეუძლებელია". Ryanair-მა დღევანდელ მგზავრებს ურჩია, რომ რეგისტრაცია აეროპორტში გაევლოთ და არა ონლაინ.
მსგავსი განცხადება Wizz Air-მაც გამოაქვეყნა და დღევანდელ მგზავრებს რეგისტრაციის გავლა ასევე აეროპორტში ურჩია, სადაც მგზავრები ფრენამდე მინიმუმ სამი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. შეფერხების გამო რეგისტრაცია უფასო იქნება.
იხილეთ არასრული ჩამონათვალი იმ კომპანიებისა და დაწესებულებებისა, რომლებმაც ხარვეზის გამო მუშაობის შეფერხება დაადასტურეს:
- Microsoft
- Microsoft 365
- BetMGM
- Amazon
- Sainsbury's
- Tesco
- RyanAir
- Waitrose
- Morrisons
- Wetherspoons
- Waterstones
- Sky News (მაუწყებლობა აღდგა)
- BT
- Ladbrokes
- Santander
- Nationwide
- Royal Mail
- Southern Rail
- Swiss International Air Lines
- აფთიაქების ეროვნული ასოციაცია (გაერთიანებული სამეფო)
- შლეზვიგ-ჰოლშტაინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო (გერმანია)
- ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი
- KLM
- Delta (აშშ)
- United (აშშ)
- American Airlines
- Aemet (ესპანეთი)
- IndiGo (ინდოეთი)
- NHS (გაერთიანებული სამეფო)
სერვისების აღდგენის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. Crowdstrike-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრობლემას უკვე მიაგნეს და მის აღმოფხვრაზე მუშაობა დაწყებულია.
განახლება: თავდაპირველად გავრცელებულ ჩამონათვალში ხვდებოდა Visa-ც, თუმცა კომპანია ოფიციალურ განცხადებაში შეფერხებას არ ადასტურებს: "Visa ამუშავებს გადახდებს და აღნიშნული პრობლემა გავლენას არ ახდენს პროცესზე, ჩვენი ყველა სისტემა გამართულად მუშაობს. ჩვენთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ვერ ახერხებდნენ გადახდის განხორციელებას, ამიტომ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა დავადგინოთ, იქონია თუ არა, ამ პრობლემამ რაიმე სახის გავლენა მათ სერვისებზე", — ნათქვამია Visa-ს ოფიციალურ განცხადებაში.
კომენტარები