როგორ მოვიქცეთ, თუ გლობალური შეფერხების გამო ფრენაზე ვერ ვრეგისტრირდებით
ავიახაზები, ბანკები, ჯანდაცვის სერვისები და სატელევიზიო ქსელები გლობალურად შეფერხებით მუშაობს. ეს, როგორც ჩანს, Windows-ის პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზმა გამოიწვია, რომელიც კიბერუსაფრთხოების ფირმა Crowdstrike-ს უკავშირდება.
მართალია, საქართველოში ჯერჯერობით ყველა სერვისი გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა, შესაძლოა, პრობლემა უცხოური სერვისების ხელმიუწვდომლობამ შექმნას. გლობალურ შეფერხებას ქართველი მგზავრებიც ეხმაურებიან.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ავიახაზები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუმცა შეფერხების გამო ქუთაისიდან ჩასული მგზავრები ბერლინის აეროპორტში ვერ მიიღეს.
როგორ მოვიქცეთ, თუ ფრენაზე რეგისტრაციისას პრობლემა შეგვექმნა
გლობალურად არაერთი ქვეყნის ავიახაზები შეფერხდა, ეს კომპანიები კი შესაბამის რჩევებს თავადვე გვაძლევენ.
ავიახაზებს შორის პრობლემა შეექმნა Ryanair-საც. კომპანიამ ფეისბუკგვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა:
"ამჟამად ჩვენი ქსელი შეფერხებით მუშაობს მესამე მხარის გლობალური IT შეფერხების გამო, რაც ჩვენზე საერთოდ არაა დამოკიდებული. დაჯავშნა და რეგისტრაციის გავლა ამჟამად შეუძლებელია".
Ryanair დღევანდელ მგზავრებს ურჩევს, რომ რეგისტრაცია აეროპორტში გაიარონ და არა ონლაინ.
მსგავსი განცხადება Wizz Air-მაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დროებით მიუწვდომელია ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის სერვისები, მათ შორის:
- ვებსაიტი და აპლიკაცია;
- დაჯავშნის სისტემა;
- ონლაინ რეგისტრაციის სისტემა და ფრენის საშვის დისპლეი;
- საკონტაქტო ცენტრები (ახალი ჯავშნებისა და არსებულებში ცვლილებების შეტანისთვის).
დღევანდელ მგზავრებს Wizz Air-მა რეგისტრაციის გავლა აეროპორტში ურჩია. შეფერხების გამო ეს პროცედურა უფასო იქნება.
"შეფერხების დროს აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომია. შესაბამისად, მგზავრებს ვურჩევთ, რომ აეროპორტში ფრენამდე მინიმუმ სამი საათით ადრე გამოცხადდნენ, რათა საკმარისი დრო იყოს რეგისტრაციისთვის, დაცვის კონტროლისთვისა და ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოების სპეციალური პროცედურებისთვის", — ფეისბუკზე განაცხადა კომპანიამ.
იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს ფრენას სხვა ავიახაზები უზრუნველყოფს, შეგიძლიათ, სამოქმედო გეგმისათვის მასვე მიმართოთ ან ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მოძებნოთ კომპანიის გვერდებზე.
უკვე არაერთმა ავიახაზმა თუ ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ მათი სერვისები შეფერხებით მუშაობს. მათ არასრულ სიას ამ ბმულზე იხილავთ.
კომენტარები