ჩინეთში ახალი სოკოვანი პათოგენი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის დაინფიცირება შეუძლია
მეცნიერებმა ჩინეთში აქამდე უცნობი სოკოვანი პათოგენი აღმოაჩინეს, რომელსაც Rhodosporidiobolus fluvialis ეწოდება და ადამიანის დაინფიცირება შეუძლია.
მას სპეციალისტებმა 2 პაციენტის ბიოლოგიურ ნიმუშებში მიაგნეს, ექსპერიმენტებმა კი ჩვენა, რომ ის სოკოს საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატის მიმართ რეზისტენტობას ავლენს ისეთ მაღალ ტემპერატურაზე, რომელიც ადამიანის სხეულისას შეესაბამება. მსგავს პირობებში თავი იჩინა განსაკუთრებით საშიშმა ვარიანტებმა, რომლებმაც ლაბორატორიაში თაგვები უფრო ძლიერად დააავადა.
"ეს შედეგები განამტკიცებს იდეას, რომ შესაძლებელია, გლობალურმა დათბობამ ახალი სოკოვანი პათოგენების გაჩენას შეუწყოს ხელი", — აცხადებენ ავტორები.
მათ ჩინეთში მდებარე 96 საავადმყოფოში 2009-დან 2019 წლამდე მიღებული პაციენტების ორგანიზმში არსებული სოკოების 27 100 შტამი გააანალიზეს. მათ შორის მხოლოდ R. fluvialis იყო ისეთი, რომელიც მანამდე ადამიანის სხეულში არ დაუფიქსირებიათ. მისით დაინფიცირებულ პაციენტებს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ და ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ. ერთ-ერთი მათგანი 2013 წელს 61 წლის ასაკში მოკვდა, ხოლო მეორე — 2016-ში, 85 წლისა.
უცნობია, ამ პათოგენმა შეიწირა თუ არა მათი სიცოცხლე, მაგრამ ვიცით, რომ მკურნალობის განმავლობაში ისინი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებსაც იღებდნენ, კერძოდ ფლუკონაზოლსა და კასპოფუნგინს. ამის მიუხედავად, კვლევით დადგინდა, რომ R. fluvialis ორივეს მიმართ რეზისტენტულია.
აღსანიშნავია, რომ სოკოვანი ინფექციები მეტწილად იმ ადამიანებშია გავრცელებული, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. კლიმატის ცვლილების გამო გლობალური ტემპერატურის ზრდა ნიშნავს, რომ ასეთი შტამებისთვის ხელსაყრელი პირობები უფრო და უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში ჩნდება, შესაბამისად ინფიცირების რისკიც იმატებს.
მეცნიერთა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ R. fluvialis დაახლოებით 37°C ტემპერატურაზე 21-ჯერ უფრო სწრაფად განიცდის მუტაციას, ვიდრე ოთახის ტემპერატურაზე. დადგინდა, რომ სიცხე მის რეზისტენტობასაც აძლიერებს.
დამოუკიდებელი სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სოკო კაცობრიობის ახალ საშიშროებად არ უნდა მივიჩნიოთ. არსებობს ვარაუდი, რომ ის ჩინეთში აქამდე გამოუკვლეველ გარემოშია გავრცელებული, რომელშიც ზემოხსენებულ 2 პაციენტს მოუწია მოხვედრა და დაინფიცირება.
კომენტარები