არსებობდნენ თუ არა ოდესმე გიგანტი ადამიანები?
ათასობით წლის განმავლობაში გიგანტების შესახებ არაერთი ამბავი შეითხზა, იქნება ეს ბერძნულ მითოლოგიაში არსებული ციკლოპი თუ ბიბლიური გოლიათი. საინტერესოა, რეალურად, რა ვიცით უზარმაზარ ადამიანებზე, არსებობდნენ კი ისინი ოდესმე?
თუკი "გიგანტში" 2.72 მეტრი სიმაღლის მქონე პიროვნება იგულისხმება, მაშინ — კი. სწორედ ასეთი გასაოცარი ზომის სხეული ჰქონდა 1940 წელს დაღუპულ ამერიკელ რობერტ უოდლოუს, რომელიც დღემდე გინესის რეკორდსმენია. მისი სიმაღლე საშუალო ამერიკელი კაცისას (1.75 მეტრი) საგრძნობლად აღემატებოდა ისევე, როგორც ბიბლიური გოლიათის აღწერის ზოგიერთ ინტერპრეტაციას (2.38 მეტრი).
ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. კერძოდ, გიგანტიზმს, ზრდის ჰორმონის მომატებულ დონეს, რომელსაც ტვინის ჰიპოფიზი წარმოქმნის. ძალიან ხშირად ამას კეთილთვისებიანი სიმსივნე იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით მედიცინა საკმაოდ განვითარებულია, მსგავსი სიმსივნის ამოკვეთა და სათანადო მკურნალობით სხეულის ზრდის შეჩერება შესაძლებელია. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში უოდლოუს სიმაღლის ადამიანი კიდევ ვიხილოთ.
ექსტრაორდინარულ სიმაღლეს სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, მაგალითად მარფანის სინდრომი. ესაა გენეტიკური დაავადება, რომლის გავლენითაც ადამიანს ძალიან გრძელი ძვლები ეზრდება. ასევე, არის შემთხვევები, როცა უზარმაზარ ზომას ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის გარეშეც აღწევენ. მათ შორისაა გიგანტიზმის არმქონე გიგანტი — ბაო სიშუნი, რომლის სიმაღლეც 2.36 მეტრია. ვარაუდობენ, რომ ამის უკან მისი გენეტიკური ვარიანტები დგას.
გიგანტიზმის ერთ-ერთი უძველესი მაგალითი ეგვიპტის ფარაონი სანახტია, რომლის ნაშთებიც მიუთითებს, რომ ის დაახლოებით 1.87 მეტრი სიმაღლის იყო. კვლევით დადგინდა ისიც, რომ ირლანდიელი გიგანტების ასეთი ზომის მიზეზი 2 500 წლის წინ მცხოვრები წინაპრისგან მიღებული გენური მუტაცია გახდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ სიმაღლეს კვება და სხვა გარემოებებიც უწყობს ხელს, თუნდაც ცივილიზაციის განვითარება, მაგრამ ამას სწორხაზოვანი ტენდენცია სულაც არ აქვს. ძველი დროიდან აღსანიშნავია გრავეტული კულტურის მამრი წარმომადგენლები, რომლებიც დაახლოებით 29 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. მათმა ნაშთებმა გიგანტების შესახებ მითებსაც კი დაუდო საფუძველი.
იტალიაში მიკვლეული ასეთი 7 ჩონჩხიდან უდიდესი 1.96 მეტრი სიმაღლისაა. იქიდან გამომდინარე, რომ მეოცე საუკუნეში, გათხრების პერიოდში, ევროპაში კაცის საშუალო სიმაღლე 1.70 მეტრზე ნაკლები იყო, გასაკვირი არაა, რატომ გააოცა ამ აღმოჩენამ იმდროინდელი ადამიანები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ზედა პალეოლითის ეპოქაში ამგვარი აღნაგობა პოპულაციის ნაკლები სიმჭიდროვითა და მამონტის მსგავსი დიდი ცხოველების არსებობით იყო განპირობებული, რომლებზეც ნადირობდნენ.
კომენტარები