რამდენად ხშირად იწვევს მარიხუანა ფსიქოზურ ეპიზოდებს — კვლევა
დიდი ხანია, რაც მეცნიერებმა მარიხუანის მოხმარება ფსიქოზთან დააკავშირეს, მაგრამ რამდენად ხშირად ხდება ასე? ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამის გასაგებად 162 სხვადასხვა ნაშრომი გააანალიზეს, რომლებიც ჯამში 200 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს აერთიანებს.
შედეგად, დადგინდა, რომ კანაფის მომხმარებლებში დაახლოებით ყოველი 200-დან 1 ადამიანში (0.5%) ფსიქოზური ეპიზოდი იჩენს თავს, რაც ჰალუცინაციების, დელუზიებისა და პარანოიის სახით ვლინდება.
წარსულ მიგნებებთან თანხმობაშია ისიც, რომ რისკი იზრდება იმ ზრდასრულ ახალგაზრდებსა და განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მენტალური პრობლემები მანამდეც აწუხებდათ. აღსანიშნავია, რომ, წინა კვლევებისგან განსხვავებით, 2 გენი, COMT და AKT1, ახლა ფსიქოზთან ვერ დააკავშირეს.
საინტერესოა, რომ ადამიანებში, რომლებიც მარიხუანას ადრიდანვე და ხშირად იყენებდნენ, სხვებთან შედარებით მწვავე ფსიქოზური ეპიზოდების რისკის ზრდა არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, ყოველდღიური მოხმარება ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა, საფრთხეს ამძაფრებდეს. ასევე, აღმოჩნდა, რომ ფსიქოზის რისკზე ყველაზე მეტად სქესი (მდედრობითი) და ასაკი (ახალგაზრდა) ახდენს გავლენას.
უკანასკნელი კვლევისას გაანალიზებული ადამიანების უმეტესობა რეკრეაციულ კანაფს მოიხმარდა, 15% სამედიცინოს, 1% კი ტეტრაჰიდროკანაბინოლის საკვლევ ექსპერიმენტებში მონაწილეობდა. ეს სამი შრე მეცნიერებისთვის საკითხის გაანალიზების უნიკალური საშუალება იყო.
მარიხუანით პროვოცირებული ფსიქოზური ეპიზოდების სიხშირე სამივე ჯგუფში განსხვავდებოდა. მაგალითად, პირველ და მესამე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19% და 21% იყო, მეორეში კი — 2%.
ავტორების თქმით, ეს ნიშნავს, რომ კანაფის მოხმარება ფსიქოზის სიმპტომების გაჩენის შანსს ზრდის მიუხედავად იმისა, ის რეკრეაციულია, სამედიცინო თუ კონტროლირებად ექსპერიმენტებში გამოყენებული.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Mental Health გამოქვეყნდა.
კომენტარები