ნორვეგიაში ვიკინგების უიშვიათესი ხმალი აღმოაჩინეს
ნორვეგიელმა კაცმა თავის ფერმაში ვიკინგების ხანის იშვიათი ხმალი აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, 1000 წლისაა.
"ბალახის გათიბვას ვიწყებდით, როდესაც რკინის მასალა შეგვხვდა. თავიდან, ვიფიქრე გადამეგდო, თუმცა მალევე მივხვდი, რომ რაღაცა განსაკუთრებულთან მქონდა საქმე", — თქვა ივინდ ტვეიტანე ლოვრამ, ფერმერმა, რომელმაც ხმალი აღმოაჩინა.
შესაბამისად, ფერმერი ადგილობრივ არქეოლოგებს დაუკავშირდა. არქეოლოგებმა ხმალი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ის ვიკინგების პერიოდიდანაა.
მკვლევრების თქმით, ხმალი უიშვიათესი ეგზემპლარია. როგორც ჩანს, ის ფრანკული წარმოშობისაა, რომელიც ცნობილია როგორც Ulfberht ხმლები. ამ ხმლებს პირის გასწვრივ საინტერესო წარწერები აქვთ ხოლმე.
"ეს უიშვიათესი აღმოჩენაა. ვიკინგების ეპოქაში ხმალი უდიდესი სტატუსის სიმბოლო და პრივილეგია იყო. ხმლის ტარების უფლება ყველას არ ჰქონდა", — თქვა როგალანდის არქეოლოგმა, ლარს სოგარდ სორენსენმა.
უძველესი ხმალი
ხმლის სიგრძე დაახლოებით 37 სანტიმეტრია. მას ნაწილი აკლია, მაგრამ არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ის მაინც ძალიან კარგად არის შემონახული.
სორენსენის თქმით, ხმალი მკვრივ თიხაში იყო ჩასმული, რამაც მის დაჟანგვას ხელი შეუშალა. მკვლევრებმა ხმალი სპეციალური ტექნოლოგიით შეისწავლეს და მასზე გაკეთებული წარწერაც გააანალიზეს.
"კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხმალი ვიკინგების პერიოდიდან, ადრეული შუა საუკუნეებიდანაა. ეს ფრანკთა იმპერიაში წარმოებული მაღალი ხარისხის ხმალი იყო და მასზე მწარმოებლების სახელიცაა მონიშნული", — თქვა ზიგმუნდ ოერლმა, სტავანგერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა.
ევროპის კონტინენტზე ვიკინგების ეპოქის სულ 4 000-მდე ხმალია ნაპოვნი. აქედან მხოლოდ 45-ია ნორვეგიაში აღმოჩენილი.
"როგალენდში ასეთი ხმალი აქამდე არ აღმოგვიჩენია", — თქვეს მკვლევრებმა.
არქეოლოგების ვარაუდით, ხმალი დაახლოებით 1 000 წელს დამზადდა.
კომენტარები