როცა არ სვამ, მაგრამ მაინც თვრები — უჩვეულო სინდრომი და მისი გამომწვევი მიზეზი
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები სამედიცინო შემთხვევას გვიზიარებენ 50 წლის ქალის შესახებ, რომელმაც 2 წლის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 7-ჯერ მიაკითხა. მისი სიმპტომები ძილიანობა და შენელებული მეტყველება იყო, რაც თრობისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას ემთხვევა, ამიტომ ექიმები ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დიაგნოზს უსვამდნენ.
საინტერესო ისაა, რომ პაციენტს სასმლის ერთი წვეთიც კი არ გქონდა მიღებული, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.
მაინც რა ხდება, როცა ადამიანს ალკოჰოლი დიდი ხნის განმავლობაში არ დაულევია, მაგრამ მაინც თრობით გამოწვეულ ძილიანობას განიცდის, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში უშლის ხელს?
ზემოხსენებული ქალის შემთხვევაში, ამის მიზეზი ე.წ. ავტოლუდსახარშის სინდრომი იყო, რომელსაც მეორენაირად ნაწლავური ფერმენტაციის სინდრომსაც უწოდებენ. ამაზე მინიშნებებს სპეციალისტებმა მის სამედიცინო ისტორიაში მიაგნეს.
საქმე ისაა, რომ უჩვეულო სიმპტომებამდე ქალს 5 წელი საშარდე გზების განმეორებითი ინფექციები აწუხებდა, რომელთა საწინააღმდეგოდაც ექიმები ანტიბიოტიკებს უნიშნავდნენ. სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ შესაძლოა, ამ მედიკამენტებს კუჭ-ნაწლავში არსებული სასარგებლო მიკროორგანიზმებიც გაენადგურებინა, რამაც იქ სოკოებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.
ზოგიერთი სოკო ნახშირწყალბადების ფერმენტაციას ახერხებს და, ფაქტობრივად, საკუთარ ალკოჰოლს წარმოქმნის. ასეთია, მაგალითად Saccharomyces cerevisiae-ისა და Candida albicans-ის სახეობა, რომელთა მაღალი კონცენტრაციაც ავტოლუდსახარშის სინდრომს იწვევს. ამას ხშირად ხელს ბაქტერიებიც უწყობენ, რისკ-ფაქტორია სისხლში შაქრის მაღალი დონეცა და ალკოჰოლის დაშლის გაძნელებაც.
ეს სინდრომი იმდენად იშვიათია, რომ 1940 წელს მისი აღმოჩენიდან დღემდე 100-ზე ნაკლები ადამიანია დიაგნოსტირებული. სწორედ მათ შორისაა ქალი, რომელზეც მეცნიერები ახალ ნაშრომში გვიყვებიან. ამ უჩვეულო სინდრომზე ეჭვის მიტანის შემდეგ ექიმებმა მას სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა დაუნიშნეს და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებაც შეუზღუდეს.
სიმპტომების გაქრობის შემდეგ პაციენტმა ნახშირწყლების მიღება ისევ დაიწყო და თრობის მსგავსი მდგომარეობაც დაბრუნდა. შესაბამისად, მან მკურნალობა განაახლა და პრობიოტიკებიც დაენიშნა, რათა კუჭ-ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა აღდგენილიყო. საშარდე გზების ინფექციებისთვის მისთვის მხოლოდ ვიწყო სპექტრის ანტიბიოტიკების რეკომენდაცია გასცეს, რომლებიც ნაკლებ ბაქტერიაზე მოქმედებს.
საბოლოოდ, ქალმა რაციონში ნახშირწყლები ნელ-ნელა ისევ დაამატა, მაგრამ სიმპტომებს აღარ შეუწუხებია.
კომენტარები