მოიპარა თუ არა OpenAI-იმ სკარლეტ იოჰანსონის ხმა ChatGPT-ისთვის
სკარლეტ იოჰანსონი OpenAI-ის მისი ხმის კოპირებაში ადანაშაულებს. The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი, ასისტენტი Sky-ის ხმა რამდენიმე თვით ადრე იყო შემუშავებული მანამ, სანამ CEO სემ ალტმანი მსახიობს დაუკავშირდებოდა.
გასულ წელს OpenAI ეძებდა 25-დან 45 წლამდე მსახიობებს, რომელთა ხმაც "თბილი, მიმზიდველი და ქარიზმატული" იქნებოდა. თუმცა ამ განაცხადში არ არის დაკონკრეტებული, რომ მსახიობის ხმა სკარლეტ იოჰანსონის მსგავსი უნდა ყოფილიყო.
The Washington Post-თან საუბრისას Sky-იზე მუშაობაში ჩართული პირი აღნიშნავს, რომ კომპანიას არასდროს განუხილავს ხმოვანი ასისტენტისთვის სკარლეტ იოჰანსონის ხმის კოპირების შესაძლებლობა. OpenAI-ის მოდელის გასაწვრთნელად ამ კონკრეტული მსახიობის ხმოვანი ჩანაწერებიც არ გამოუყენებია.
OpenAI-ის პროდუქტის მენეჯერი, ჯოანა ჯანგი კი აცხადებს, რომ კომპანიამ შეარჩია მსახიობები, რომელთაც ჰქონდათ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის სურვილი. მისი თქმით, კომპანიის CTO, მირა მურატი, იყო პროექტის ხმებზე პასუხისმგებელი პირი და ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მან მიიღო, ხოლო კომპანიის CEO ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. ჯანგი ასევე აცხადებს, რომ Sky-ის ხმა იოჰანსონისას არ ჰგავს.
მსახიობი, რომლის ხმაც Sky-სთვის გამოიყენეს აცხადებს, რომ მან მხოლოდ თავისი ბუნებრივი ხმა გამოიყენა მუშაობის პროცესში და მისი ხმა იოჰანსონის ხმისთვის არასდროს შეუდარებიათ. მეორე მხრივ, სკარლეტ იოჰანსონი ამბობს, რომ შოკირებულია ფაქტით, თუ როგორ გამოიყენა OpenAI-იმ ჟღერადობა, რომელიც მის ხმას ასე ძალიან ჰგავს. ის ამბობს, რომ მისი უახლოესი მეგობრები და მედიები მის და Sky-ის ხმას შორის განსხვავებას ვერ ხედავენ.
იოჰანსონის თქმით, 2023 წლის სექტემბერში მას OpenAI-ის CEO, სემ ალტმანი დაუკავშირდა და ChatGPT-ის ხმოვანი ვერსიის ხმად ყოფნა შესთავაზა. მსახიობმა უარი თქვა, ალტმანი კი მას GPT-4o-ს გამოსვლამდე 2 დღით ადრეც დაეკონტაქტა, იმისათვის რომ გაერკვია, რამე ხომ არ შეიცვალა გადაწყვეტილებაში.
ასევე იხილეთ: გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
აღსანიშნავია, რომ Sky ChatGPT-ის ერთ-ერთი ხმა 2023 წლის სექტემბრიდანაა, თუმცა განახლებამ — GPT-4o მას ადამიანთან უფრო მიმსგავსებული კომუნიკაციის შესაძლებლობა მისცა. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა იოჰანსონის ხმის მსგავსება უფრო შესამჩნევი გახადა.
განახლებების გაცხადების შემდეგ, OpenAI-ის CEO-მ X-ზე დატვიტა "her". Her არის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომელშიც AI ასისტენტს სკარლეტ იოჰანსონი ახმოვანებს. ამან მსგავსებასთან დაკავშირებული ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა.
როგორც კომპანიის ბლოგპოსტში ვკითხულობთ, ამ მომენტისთვის, OpenAI-მ შეაჩერა Sky-ის ხმის გამოყენება, იოჰანსონის შეშფოთების საპასუხოდ გამოხატული "პატივისცემის" ნიშნად. თუმცა მსახიობი კომპანიის ამ გადაწყვეტილებას "პატივისცემას" არ უკავშირებს. მისი თქმით, OpenAI-იმ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა Sky-ის გამოყენება, რაც მან იურიდიული მრჩეველი დაიქირავა, რომელმაც კომპანიას ოფიციალური წერილი მისწერა, ახსნა-განმარტების მოთხოვნით.
მიუხედავად იმისა, რომ Sky-ის ხმა ამ მომენტისთვის აღარაა ხელმისაწვდომი, მაინც შეგიძლიათ ის სკარლეტ იოჰანსონისას შეადაროთ. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც YouTube-ზეა გამოქვეყნებული, მსახიობის განცხადებას Sky კითხულობს. ადამიანთა აზრი ამ კუთხით იყოფა — ზოგი წერს, რომ იოჰანსონი რობოტი რომ იყოს, მსგავსი ხმა ექნებოდა, ნაწილი კი ჟღერადობას ამერიკელი მსახიობის — რაშიდა ჯონსის ხმას ამსგავსებს.
კომენტარები