OpenAI-მ თავისი ახალი მოდელი GPT-4o წარადგინა. მოდელი მალე ChatGPT-ის პროდუქტებში შეგვხვდება. განახლებულ ChatGPT-ს რეალურ დროში შეუძლია სწრაფად გააანალიზოს ტექსტი, ვიდეო და აუდიო მასალა. ეს ყველაფერი ჩატბოტთან საუბრისას იქნება შესაძლებელი.

13 მაისს პრეზენტაციაზე წარდგენილი ხმის მოდელი აპლიკაციის სახითაც იქნება. ჩატბოტს ქალის ხმა აქვს, რამაც ბევრს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი Her გაახსენა.

"ახალი GPT-4o თავისი ხმის მოდელით უფრო ადამიანურია და მასთან პირდაპირი საუბარიც იქნება შესაძლებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხმა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გამოსცემს "ადამიანურია" და ის თანხვედრაშია ემოციებთან", — თქვა მიშელ კონმა, დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

ცნობილი გახდა, რომ GPT-4o უფასო იქნება ყველა მომხმარებლისთვის, თუმცა იარსებებს ფასიანი ვერსიაც.

OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა თქვა, რომ მოდელი მულტიმოდალურია. ეს ნიშნავს, რომ მოდელს შეუძლია კონტენტის გენერირება და ბრძანებების მიღება, როგორც ტექსტობრივის, ისე ხმოვანისა და ვიზუალურის.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ GPT-4o არა მხოლოდ აჩქარებს ChatGPT-ს, არამედ აფართოებს მასთან ურთიერთობის საშუალებებს.

მეტიც, ჩატბოტის ეს ახალი ვერსია "ხუმრობს" კიდევაც. დემონსტრაციის დროს წამყვანმა მძიმედ ჩაისუნთქა და GPT-4o-ს ამაზე კომენტარი სთხოვა. ჩატბოტმა მას შემდეგი რამ უპასუხა — "მტვერსასრუტი ჰო არ ხარ" და ურჩია ნელა ესუნთქა. ეს ნიშნავს, რომ ჩატბოტს "იუმორის გრძნობაც" ექნება, რაც მასთან კომუნიკაციას ნამდვილად უფრო ადამიანურს გახდის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.