ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ სამყარო სავსეა ისეთი ნაწილაკებით, რომლებიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს. LiveScience-ის თანახმად, ამას ამჟამინდელი კოსმოლოგიური მოდელის ჩანაცვლების პოტენციალიც აქვს.

ეს იდეა უცნაურია, მაგრამ ის განხილვად ნამდვილად ღირს. საუბარია ჰიპოთეზურ ნაწილაკებზე, რომლებიც ცნობილია როგორც ტახიონები. მათზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ეს არც სამეცნიერო ფანტასტიკაა. მათ აღმოსაჩენად ფიზიკოსები სერიოზულად ფიქრობენ და ეს აჩენს ფუნდამენტურ კითხვებს მიზეზობრიობის ბუნების შესახებ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტახიონები ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკებია. ცნობისთვის, მიიჩნევა, რომ სამყაროში არსებული მატერიის დაახლოებით 85% ბნელ მატერიაზე მოდის.

იმის გამო, რომ ბნელი მატერიის მხოლოდ გრავიტაციულ გავლენას ვაფიქსირებთ, ჩვენ არ ვიცით, რა არის ის სინამდვილეში. ეს კი სხვადასხვა შესაძლებლობებისთვის კარს ღიას ტოვებს.

შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი

მზარდი პრობლემა

მკვლევრების თქმით, ტახიონებით სავსე კოსმოსი კარგად ხსნის სამყაროს მიმდინარე გაფართოებას.

სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში სამყაროს გაფართოების ასახსნელად ბნელი ენერგიის არსებობაც საჭიროა. ბნელი ენერგიაც უხილავია და ის უფრო მეტია, ვიდრე ბნელი მატერია. მთელი სამყაროს 70%-ს ბნელი ენერგია შეადგენს.

ბნელი ენერგიის არსებობა სამყაროს გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. მეცნიერები ხედავენ, რომ სამყაროს გაფართოება სულ უფრო ჩქარდება და როგორც ჩანს, ამაში მთავარი წვლილი სწორედ ბნელ ენერგიას ეკუთვნის.

თუმცა, თუ ტახიონები რეალურია და სამყაროს ბნელი მატერიის სახით ავსებს, სამყაროს გაფართოება ამ მოვლენასაც შეუძლია. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ტახიონები მართლაც არსებობს მაშინ ისინი პირველ ეტაპზე სამყაროს გაფართოებას შეანელებდნენ, ხოლო ამის შემდეგ მის გაფართოებას დააჩქარებდნენ. სწორედ ეს ხდება ახლა სამყაროში. მკვლევრებმა ამ მოვლენას "დახრილი გაფართოება" უწოდეს.

დაკვირვება

ამის მტკიცებულება მკვლევრებს Ia ტიპის ზეახალის დაკვირვებებიდან აქვთ. ეს არის ზეახალი, რომელშიც მომაკვდავი ვარსკვლავი იშლება და ფეთქდება. ასეთი შემთხვევები ორობითი ვარსკვლავური სისტემების გარკვეულ ტიპებში გვხვდება.

ეს განსხვავებული ზეახალი ერთგვარი მანათობელია, რომელიც ასტრონომებს სივრცეში მანძილის გაზომვის საშუალებას აძლევს. სამყაროს გაფართოების დაჩქარება მეცნიერებმა სწორედ ასეთი ტიპის ზეახალზე დაკვირვებით აღმოაჩინეს.

როდესაც მკვლევრებმა ტახიონების მოდელი Ia ტიპის ზეახალის მონაცემებს შეადარეს, აღმოაჩინეს, რომ ეს ორი "კომფორტულად შეესაბამება ერთმანეთს".

ასევე: როგორი იქნებოდა სამყარო, სინათლეზე სწრაფად მოძრაობა რომ შეგვეძლოს

ჩვენ ვიცით, რომ ფარდობითობის მიხედვით, ტახიონების შესაძლო არსებობა არ არის გამორიცხული. თუ ტახიონები ნამდვილად არსებობს, ისინი ყოველთვის უფრო სწრაფად უნდა მოძრაობდნენ, ვიდრე სინათლის სიჩქარე. ისევე, როგორც ჩვეულებრივი მასის მქონე ობიექტს არ შეუძლია აჩქარდეს სინათლის სიჩქარეზე, ტახიონი პირიქით, სინათლის სიჩქარეზე ნელა ვერ იმოძრავებს.

ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა ოდესღაც ასეთივე ჰიპოთეზური იყო ჰიგსის ბოზონი, მაგრამ 2012 წელს მისი დაფიქსირება მოხდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.