ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
მეცნიერებმა ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ვენერას ღრუბლებში ამინომჟავების სტაბილურად შენარჩუნება შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის "საშენი მასალაა".
მართალია, ვენერას დედამიწის ტყუპისცალს უწოდებენ, მაგრამ ის მთელს მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა. მას სქელი ატმოსფერო აქვს, რომელიც ზედაპირთან შედარებით ოდნავ გრილია, ამიტომ თუ იქ მიკროორგანიზმები მართლაც არსებობენ, ისინი სწორედ ღრუბლებში უნდა ვეძებოთ. ამის მიუხედავად, ამ ციურ სხეულზე დიდი ოდენობით გოგირდმჟავაა, რომელიც მეტალს შლის, ჩვენს კბილებს ცვეთს და თვალებს, ყელსა თუ ცხვირს აღიზიანებს. შესაბამისად, თუნდაც ბაქტერიებს ასეთ გარემოში გადარჩენა, წესით, გაუჭირდებათ.
ამ საკითხზე მეტის გასაგებად სპეციალისტებმა ლაბორატორიაში ვენერას ატმოსფეროს მსგავსი პირობებში შექმნეს. კერძოდ, გოგირდმჟავას მცირე რაოდენობის წყალი შეურიეს და 4 კვირის განმავლობაში დააკვირდნენ, რა დაემართებოდა იქ მოთავსებულ ამინომჟავებს, როგორიცაა გლიცინი, ჰისტიდინი და არგინინი.
აღმოჩნდა, რომ 19 ასეთი ნაერთის მოლეკულური სტრუქტურა სულ მცირე 1 თვე შენარჩუნდა. შესაბამისად, ვენერას ღრუბლებში შესაძლოა, რთული ორგანული მოლეკულები გვხვდებოდეს, მაგრამ არ უნდა დავასკვნათ, რომ ამ გარემოში აუცილებლად ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ.
"ეს არ ნიშნავს, რომ იქ სიცოცხლე დედამიწაზე არსებულის მსგავსი იქნება. პირიქით, ვიცით, რომ ეს შეუძლებელია", — აცხადებენ ავტორები.
მათ მიერ შესწავლილი 20 ამინომჟავადან 9 მეტეორიტების შემადგენლობაშიცაა. შესაბამისად, არის შანსი, რომ ისინი ვენერაზე ამ სხეულებთან შეჯახებების შედეგად მოხვედრილიყო. ამის გაგებაში მისია Venus Life Finder დაგვეხმარება, რომელსაც მომდევნო წელს გაუშვებენ. მის ფარგლებში ვენერას ატმოსფეროში აპარატი უნდა ჩაუშვან, რომელიც გზად ორგანული მოლეკულების კვალის მოძებნას შეეცდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astrobiology გამოქვეყნდა.
კომენტარები