ქათმები არც ისე დიდხანს ცოცხლობენ, რადგან ძირითადად დასაკლავად ან უკეთეს შემთხვევაში კვერცხის მისაღებად ვიყენებთ ხოლმე. მაინც რამდენ ხანს იცოცხლებს ქათამი, თუ მას არაფერს დავუშავებთ და ისე მოვუვლით, როგორც შინაურ ცხოველს? რამდენიმე საკითხი მიმოვიხილოთ.

რამდენ ხანს ცოცხლობენ გარეული ქათმები?

თანამედროვე შინაური ქათმები (Gallus gallus domesticus) ბანკივური ქათმების (Gallus gallus) შთამომავლები არიან, რომლებიც სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში დაახლოებით 10 ათასი წლის წინ ბინადრობდნენ. ბანკივური ქათმები თანამედროვე ქათმებზე ბევრად პატარები არიან და, Animalia-ს მიხედვით, დაახლოებით 10-30 წელი ცოცხლობენ.

რამდენ ხანს ცოცხლობენ ქათმები, როგორც შინაური ცხოველები?

მონაცემები ამაზე სხვადასხვა რამეს ამბობს. ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის თანახმად, ქათამი, როგორც შინაური ცხოველი, 6-8 წელს იცოცხლებს. Purina Mills-ის მიხედვით, ეს დრო 8-10 წელი უნდა იყოს.

მიჩნეულია, რომ ამ შემთხვევაში სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წელია, თუმცა მაქსიმალური ასაკისთვის 15-20 წელი უფრო გონივრული უნდა იყოს. ამაზე ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ არსებული მონაცემები მეტყველებს, რომლებიც ბაზას AnAge: The Animal Ageing and Longevity Database ეკუთვნის.

რამდენ ხანს ცოცხლობენ მოშინაურებული ქათმები დაკვლამდე?

Compassion In World Farming-ის მიხედვით, ხორცისათვის მოშინაურებული ქათმები მანამდეც შეიძლება დაკლან, სანამ ისინი 6 კვირას მიაღწევენ. The Humane League-ის თანახმად, ამ ტიპის ქათმებს სპეციალურად ისე აშენებენ, რომ სწრაფად გაიზარდონ და დიდი მკერდი ჰქონდეთ.

Animal Aid-ის მიხედვით, შესაძლოა, ამ ქათმების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 წელი იყოს. ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ამ ფრინველების ასეთი ტემპით მოშენებამ კეთილდღეობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიძლება შექმნას.

რეკორდსმენი ქათმები

მსოფლიოს ყველაზე ხნიერი ქათმის ტიტული პირველად ქათამ მატილდას ერგო. იგი ილუზიონისტ კიტ ბარტონის გამოსვლაში მონაწილეობდა და ტელევიზიაში 14 წლისა გამოჩნდა. ქათამმა 16 წლამდე იცოცხლა.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ყველაზე ხნიერი ქათამი 23 წლისა და 152 დღის ასაკში მოკვდა 2011-წელს. შემდეგ ყველაზე ხნიერი ფრინველი ქათამი იყო, რომელიც 2023 წელს მოკვდა 21 წლისა და 238 დღის ასაკში.

გამოდის, თუ ამაზე ხნიერი ქათამი გყავთ, თავისუფლად შეგიძლიათ, ამ ბმულიდან გინესის მსოფლიო რეკორდებს დაუკავშირდეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.