მეცნიერები ვარჯიშის ეფექტის მქონე აბს ტესტავენ — კვლევის შედეგები დამაიმედებელია
ცხოველებზე დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, სანამ ამ ნაერთს ადამიანებზეც გამოცდიან.
გასახდომი წამლების მომრავლების ფონზე მეცნიერები ისეთი პრეპარატის შექმნაზეც მუშაობენ, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება. ამის შესაძლო კანდიდატია ნაერთი SLU-PP-332, რომელსაც მეცნიერები მღრღნელებზე რახანია ტესტავენ.
ასევე იხილეთ: მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება
როგორც ამერიკის ქიმიური საზოგადოების პრესრელიზში ვკითხულობთ, SLU-PP-332-ის კვლევის შედეგები დამაიმედებელია და იმაზე მიანიშნებს, რომ ნაერთს ვარჯიშის ეფექტის მიბაძვა შეუძლია.
"ვარჯიშს ვერ ჩავანაცვლებთ; ვარჯიში ყველა დონეზე მნიშვნელოვანია", — აცხადებს ბაჰა ელჯენდი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი და ახალი ნაერთის კვლევაზე მომუშავე მეცნიერი — "თუ ვარჯიში შემიძლია, უნდა წავიდე და ფიზიკური აქტივობით დავკავდე, მაგრამ მრავალი ისეთი შემთხვევაა, როცა ამის ჩამნაცვლებელია საჭირო".
მღრღნელების უჯრედებზე ნაერთმა რამდენიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია, საერთო ჯამში კი დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მიუხედავად ამისა, ცხოველებზე დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, სანამ SLU-PP-332-ს ადამიანებზე გამოცდიან.
მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ წამლის შექმნაზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი და ცოტა გვერდითი მოვლენა ექნებოდა. მიუხედავად ამისა, წლები აღმოჩნდა საჭირო იმისათვის, რომ შესაძლო პრეპარატების ცხოველებზე გამოცდა დაწყებულიყო.
ელჯენდი ფიქრობს, რომ SLU-PP-332 ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, აბის მეშვეობით ვარჯიშის ეფექტს ისეთი ადამიანებიც მიიღებენ, რომელთაც ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლიათ. პრეპარატი დაეხმარება მათაც, ვინც მედიკამენტების გამოყენებით სწრაფად დაიკლეს წონაში, თუმცა კუნთოვანი მასა ჯერ არ გაზრდიათ.
"შესაძლებელია, სავარჯიშო პროგრამები შეავსოს და პაციენტებს მეტი სარგებელი მისცეს", — თქვა ელჯენდიმ — "ან შესაძლებელია, ახალ მედიკამენტებთან ერთად მიიღონ: დიაბეტის საწინააღმდეგო წამლებთან ან სიმსუქნისა და წონის კლებისათვის გამოყენებულ პრეპარატებთან".
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ SLU-PP-332 დაახლოებით ათი წლის წინ აღმოაჩინეს, როცა სპეციალურ ცილებს, ERR-ებს, იკვლევდნენ. მეცნიერები გულდასმით აკვირდებოდნენ ამ ცილების სტრუქტურასა და მათ შემაკავშირებელ მოლეკულებს. შედეგად ელჯენდიმ და მისმა კოლეგებმა ახალი მოლეკულები შექმნეს, რომლებიც ERR-ების აქტივაციის იმიტაციას აკეთებს. სწორედ ასე შეიქმნა ნაერთი SLU-PP-332.
მეცნიერების განმარტებით, ნაერთი კუნთში დაღლისადმი გამძლე ბოჭკოების რაოდენობას ზრდის და ცხოველების ამტანობას აუმჯობესებს. მისი ეფექტი სარბენ ბილიკზე მორბენალ მღრღნელებზე შეამოწმეს. სავარაუდოა, რომ ნაერთი ვარჯიშს ადამიანებსაც გაუმარტივებს და პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.
ელჯენდის თქმით, მინიმუმ ხუთი წელი მაინც იქნება საჭირო, სანამ ადამიანები SLU-PP-332-ის მიღებას შეძლებენ. იგი ჯერ ცხოველებზე უნდა შემოწმდეს საფუძვლიანად, შემდეგ კი — ადამიანებზეც. და მაინც, ვარჯიშის ეფექტის მქონე უსაფრთხო აბი იმდენად მიმზიდველი პერსპექტივაა, რომ ბევრს ნამდვილად უღირს ლოდინად.
კომენტარები