ქალაქებში მცხოვრები ადამიანები მცენარეების მონელების უნარს კარგავენ — კვლევა
დასავლურ, ინდუსტრიულ კვებაში ბოჭკოვანი მცენარეების ნაკლებობაა. ამან შეიძლება ძირეულად შეცვალოს ნაწლავებისა და მონელების სისტემა.
ხილი და ბოსტნეული ადამიანის დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ის თუ როგორ ხდება მათი მონელება ცალკე კვლევის საკითხია. საუბარია ცელულოზაზე, მასალაზე, რომელიც მცენარეების უჯრედულ კედლებს ფარავს.
და, აი, ახლა მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა აქამდე უცნობი მიკრობები გამოავლინა, რომლებიც ადამიანის ნაწლავებში გვხდება და ისინი ცელულოზას დაშლას უწყობენ ხელს.
ათწლეულების მანძილზე ითვლებოდა, რომ ცელულოზას ადამიანის ორგანიზმი ისე ვერ ინელებდა, როგორც ძროხები, ცხენები, ცხვრები და სხვა ძუძუმწოვრები. მხოლოდ 2003 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ნაწლავის ბაქტერია, რომელსაც ამ ბოჭკოების მონელება შეეძლო.
მკვლევრებმა იგივე ბაქტერიების გენების გაანალიზებით სხვა მსგავსი ბაქტერიების მოძიება გადაწყვიტეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ შინაურ ცხოველებთან იმაზე მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
გაირკვა, რომ ჩვენს ნაწლავებში ცელულოზას გამანადგურებელი ბევრი მიკრობია და აქამდე ამაზე არაფერი ვიცოდით. გავიგეთ, რომ მიკრობების ერთი "სახეობა" მჭიდრო კავშირშია ჩლიქოსან ძუძუმწოვრებთან, მეორე პრიმატებთან, ხოლო მესამე უშუალოდ ადამიანთანაა დაკავშირებული.
სამივე Ruminococcus-ის გვარს ეკუთვნის და ისინი ცელულოზას მონელებასთან არიან დაკავშირებული.
ანალიზმა აჩვენა, რომ 1000-დან 2000 წლის წინ მცხოვრები ადამიანების ფეკალურ ნიმუშებში სამი ტიპის მიკრობი უხვად იყო. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე, ინდუსტრიული საზოგადოებების პოპულაციებში, იგივე ნაწლავის მიკრობები შესამჩნევად იშვიათია.
"ჩვენ დავინახეთ, რომ დროსთან ერთად, ადამიანში ამ მიკრობების რაოდენობა შემცირდა. ამაზე გავლენა დასავლურ ცხოვრების წესზე გადასვლას უნდა მოეხდინა", — თქვა კვლევის ავტორმა სარა მორაისმა.
მკვლევრების განმარტებით, ეს ყურადსაღები ფაქტია. როგორც ჩანს, თანამედროვე ადამიანი ნაკლებ მცენარეს მოიხმარს, შესაბამისად შემცირდა მისი მომნელებელი მიკრობებიც.
კვლევების თანახმად, ინდუსტრიულ საზოგადოებებში მცენარეებს სულ უფრო იშვიათად მოიხმარენ, ეს კი როგორც ვხედავთ მონელების სისტემაზეც აისახება.
კვლევები აჩვენებს, რომ ცელულოზას დანამატებს, ისევე როგორც მცენარეულ ბოჭკოებს, ჯანმრთელობისთვის დადებითი ეფექტი აქვს — მათ შორის ცვლილებები ნაწლავის მიკრობებში, იმუნურ რეაქციასა და გენის ექსპრესიაში.
ახალი კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ამით გამოვლინდა ნაწლავების აქამდე უცნობი ბაქტერიები. თავის მხრივ, ეს ბაქტერიები, შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაწლავების გამართულად ფუნქციონირებაში.
რაც საინტერესოა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ Ruminococcus-ის ბაქტერიები ჩვენში ცხოველების მოშინაურების დროს გადმოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ცხოველებთან თანაცხოვრებამ ადამიანში მცენარეების მონელების უნარი გააუმჯობესა.
თუმცა, ათასობით წლის შემდეგ, ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა. შესაძლოა, ადამიანმა დაკარგოს ის მიკრობები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად შემდეგი კვლევებია საჭირო. ამ ეტაპზე კი, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ქალაქებში ცხოვრება მცენარეების მიმართ სულ უფრო "გვაუცხოებს".
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები