ნახეთ: მთვარის აპარატმა ოდისევსმა დედამიწაზე პირველი სურათები გამოგზავნა
კომპანია Intuitive Machines-ის მიერ მთვარისკენ გაშვებულმა კერძო აპარატმა ოდისევსმა პირველი სურათები გამოგზავნა, რომლებიც მან ჩვენი პლანეტის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრისკენ მიმავალ გზაზე გადაიღო.
ფოტოებზე, რომლებიც კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თავად დასაშვები მოდულის ნაწილიცაა აღბეჭდილი, მის ფონზე კი დედამიწა მოჩანს. ეს გამოსახულებები 16 თებერვალს მივიღეთ და ისინი ოდისევსმა მალევე გადაიღო მას შემდეგ, რაც ორბიტაზე კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ს გამოეყო.
Falcon 9-მ მთვარის აპარატი ორბიტაზე 15 თებერვალს გაიტანა. თუ ის ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაჯდომას მოახერხებს, ეს აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება, რადგან მას იქ აქამდე კერძო ზონდი არ დაუსვამს. ამ ქვეყნის მიერ გაშვებული ხომალდი ბოლოს მთვარეზე 1972 წელს იყო.
Intuitive Machines მისია ოდისევსის ფარგლებში NASA-ს პროექტ CLPS-სთან თანამშრომლობს. ის მსგავს აპარატებზე სამეცნიერო ხელსაწყოების დამონტაჟებას ისახავს მიზნად, რათა მთვარის პროგრამა Artemis-ისთვის საჭირო მონაცემები შეაგროვონ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სააგენტოს სურს, 2030 წლამდე ადამიანები მთვარეზე დააბრუნოს.
ოდისევსზე NASA-ს 6 ხელსაწყოა, დანარჩენი 6 კი კომერციული კლიენტების კერძო ტვირთია. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინსტრუმენტები კომპანია Astrobotic-ის აპარატ Peregrine-ზეც იყო, რომელიც მთვარის ზედაპირზე უნდა დაშვებულიყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მოულოდნელად მის რეაქტიულ სისტემაში ანომალია დაფიქსირდა. ის დედამიწის ატმოსფეროში 18 იანვარს დაიწვა.
რაც შეეხება ოდისევსს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის დანიშნულების ადგილამდე, მთვარის სამხრეთ პოლუსამდე, 22 თებერვალს მიაღწევს და იქ ისტორიულ დაშვებას შეეცდება.
Intuitive Machines-ის ცნობით, აპარატი მწყობრშია და დედამიწასთან უხარვეზო კომუნიკაცია აქვს. მისი სისტემები ნორმალურად ფუნქციონირებს, მათ შორის თხევად მეთანსა და ჟანგბადზე მომუშავე ძრავა, რომელიც ახლახან წარმატებით აამუშავეს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ის მთვარემდე უპრობლემოდ მიაღწევს და ისტორიულ დაშვებასაც გაართმევს თავს.
კომენტარები