ოდისევსი უკვე კოსმოსშია — SpaceX-ის რაკეტამ მთვარისკენ კერძო აპარატი გაუშვა
15 თებერვალს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 დედამიწის ორბიტაზე მთვარის კერძო აპარატი გაიტანა, რომელსაც Odysseus, ანუ ოდისევსი, ეწოდება.
ის ახლა ჩვენი პლანეტის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრისკენ მიიწევს და თუ მის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაჯდომას მოახერხებს, ეს აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანას იქ აქამდე კერძო ზონდი არ დაუსვამს, თანაც აშშ-ის აპარატი ბოლოს მთვარეზე 1972 წელს იყო.
თავად ოდისევსი, რომელიც დასაშვები მოდულია, კერძო კომპანია Intuitive Machines-ს ეკუთვნის. მანამდე ამ ციურ სხეულზე დაჯდომა ამერიკულ სტარტაპ Astrobotic-ის მისიამ Peregrine სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მოულოდნელად რეაქტიულ სისტემაში ანომალია დაფიქსირდა.
რაც შეეხება ოდისევსს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის დანიშნულების ადგილამდე, მთვარის სამხრეთ პოლუსამდე, 22 თებერვალს მიაღწევს და იქ ისტორიულ დაშვებას შეეცდება.
აი, მისი გაშვების კადრებიც:
Intuitive Machines-ის დასაშვებ მოდულზე 12 სამეცნიერო ხელსაწყოა. მათგან 6 აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) ეკუთვნის, 6 კი კომერციული კლიენტებისაა.
"შესაძლებლობა, რომ აშშ მთვარეზე 1972 წლის შემდეგ პირველად დავაბრუნოთ, კვლევის დაუოკებელ სურვილს საჭიროებს და ეს სწორედ Intuitive Machines-ში მომუშავე ყველა ადამიანის გულშია", — აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარები