ყველა წესი და ჯარიმა, რომელიც უნდა იცოდეთ, თუ შინაური ცხოველები გყავთ — კანონპროექტი დეტალებში
მოკლედ: შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი გულისხმობს ცვლილებებს, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს განსაზღვრავს. ის უკვე განიხილება საქართველოს პარლამენტში და პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად 2024 წლის 22 მარტია მითითებული.
როდის ამოქმედდება: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები შევა 2025 წლის 2 იანვრიდან, ხოლო სანქციები 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
კანონპროექტის ავტორები: კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია, ხოლო ცვლილებები შეიმუშავა პარლამენტის 24-მა წევრმა, მათ შორის არიან არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, ბექა ოდიშარია და ბექა დავითულიანი.
რა მიზნებს ისახავს ცვლილება: კანონპროექტის მიხედვით, ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სანქციები არაეფექტურია და ვერ პასუხობს სამართალდარღვევების სიმძიმესა და ხარისხს.
რა მოხდება ცვლილების ამოქმედების შემდეგ: კანოპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, რომ "ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად მონიტორინგს განახორციელებს 79 ეკიპაჟი, რომელთა შემადგენლობაშიც იქნება მინიმუმ ორი თანამშრომელი — მძღოლ-დამჭერი და სპეციალისტ-დამჭერი."
- ასევე, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეკიპაჟის მიერ დღეში საშუალოდ ორი 100-ლარიანი ჯარიმის დაწერა მოხდება, "წელიწადში, ჯამურად, მოსალოდნელია, დაახლოებით 5,767,000.00 ლარის საჯარიმო შემოსავლის გენერირება", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
- ცვლილებების დარღვევების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრების, დროებითი მოთავსების ობიექტის, საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის დაჯარიმებას.
- "ქვეყნის მასშტაბით წელიწადში ასი ერთეული 500-ლარიანი ჯარიმის დაწერა მოხდება, რაც დაახლოებით 50,000 ლარის საჯარიმო შემოსავალია სახელმწიფო ბიუჯეტში", — წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რას გულისხმობს ცვლილებები კანონში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ: მკაცრდება არსებული სისხლის სამართლის სანქცია შემდეგი დანაშაულის ჩადენაზე:
- ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 18 თვიდან — 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 18 თვიდან — 2 წლამდე.
- ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 2-დან 3-წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე.
რა სახის ჯარიმებს ითვალისწინებს კანონპროექტი შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის:
- საცხოვრებელ კორპუსის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, სხვა შემთხვევაში, მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.
- აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.
- საზოგადოებრივ დაწესებულებებში — სკოლა, უნივერსიტეტი, მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები, საბავშვო და სპორტულ მოედნები, ძაღლისა და კატის შეყვანა იკრძალება.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით შინაური ცხოველის საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის გარეშე გადაყვანის შემთხვევაში, მეპატრონე 150 ლარით დაჯარიმდება, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში კი — 300 ლარით.
- ფიზიკური პირი, რომელიც შინაურ ცხოველს მიატოვებს, დაჯარიმდება 3000 ლარით, იურიდიული პირი — 5000 ლარით.
- მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 2000 ლარით.
- ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა), ან არარეგისტრირებული, ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
- საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევისას ფიზიკური პირის დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი — 10 000 ლარით.
ამჟამად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის 30 ჯიშია განსაზღვრული: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; ფილა ბრაზილეირო; ბულტერიერი; ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; ამერიკული ბულდოგი; კანგალი; კანე კორსო; დობერმანი; კავკასიური ნაგაზი; შუააზიური ნაგაზი; აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; ბერძნული ნაგაზი; კრაშის ნაგაზი; გერმანული ნაგაზი; რუმინული ნაგაზი; მასტიფები; ბორდოული დოგი; კანარის დოგი; როტვეილერი; რიზენშნაუცერი; ლეონბერგერი; მარემა; მოსკოვური საყარაულო; კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ბანდოგი; გულდონგი; მგლის ჰიბრიდები.
გარდა ამისა,
- თუ მოქალაქე ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულებას დაარღვევს, დაჯარიმდება 100 ლარით.
- შინაური ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისას პირი დაჯარიმდება 100 ლარით.
- მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისას პირი დაჯარიმდება 200 ლარით.
- მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით.
- ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისას მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.
- მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა, მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარით.
- მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რის შედეგადაც სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობა მსუბუქად დაზიანდა, მეპატრონე დაჯარიმდება 500 ლარით.
ასევე,
- 18 თვემდე, 8 წლის ან ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, იურიდიული პირი — 500 ლარით.
- ფიზიკური პირი, რომელი შინაური ბინადარი ცხოველს გაამრავლებს მისი ჯანმრთელობის, ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე, დაჯარიმდება 500 ლარით, იურიდიული პირი — 100 ლარით.
- შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას — 2000 ლარით.
კომენტარები