ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩადგა
ილონ მასკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისმა კომპანიამ Neuralink ტვინის უსადენო ჩიპი ადამიანის ორგანიზმში პირველად ჩანერგა, რაც წარმატებით განხორციელდა. როგორც ცნობილია, პაციენტის პირველადმა გამოკვლევამ ნეირონული აქტიურობა და იმპულსები გამოავლინა. პროცედურის შემდგომ ის თავს კარგად გრძნობს.
Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ.
ასეთი ინტერფეისი სხვა სტარტაპებსაც აქვს შექმნილი და ადამიანებზე გამოცდილი, Neuralink-ისთვის კი ეს პირველი მსგავსი პროცედურა იყო. მან სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურისგან (FDA), პაციენტების ტვინში ჩიპის იმპლანტაციის ნებართვა მაისში მიიღო.
კლინიკური ცდა პარალიზებულ ადამიანებზე ჩატარდება და დაახლოებით 6 წელს გაგრძელდება. იმპლანტს მათი ტვინის იმ რეგიონში ჩადგამენ, რომელიც მოძრაობის სურვილს აკონტროლებს. ამ არეალიდან სიგნალები ჩიპის მეშვეობით კომპიუტერს გაეგზავნება, რომელიც მიღებული ინფორმაციის დეკოდირებას შეძლებს. შედეგად, პაციენტებს საშუალება ექნებათ, მაგალითად, ეკრანზე კურსორს მდებარეობა "გონების ძალით" შეუცვალონ.
ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ Neuralink-ის პირველ პროდუქტს Telepathy ჰქვია. მისი მეშვეობით ადამიანები ტელეფონისა თუ კომპიუტერის გაკონტროლებას გონებით შეძლებენ, პირველი ცდისპირები კი ის ინდივიდები იქნებიან, რომლებიც კიდურებს ვერ ამოძრავებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კომპანიები ბევრად წინ არიან. ასეთია, მაგალითად, Blackrock Neurotech, რომელმაც ადამიანის ტვინში ჩიპი ჯერ კიდევ 2004 წელს ჩანერგა. ასევე, Neuralink-ზე ნაკლებად არაინვაზიური პროცედურა შეიმუშავა Precision Neuroscience-მა. როგორ შედეგებს აჩვენებს Neuralink-ის ინტერფეისი, მომავალში გავიგებთ.
კომენტარები