სიცივის გამო, ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, რა არის ის ტემპერატურა, რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებს საფრთხეს უქმნის.

დოქტორმა რენა კარლსონმა, ამერიკის ვეტერინარული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა, CBS News-ს განუცხადა, რომ ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.

"როდესაც საქმე შინაურ ცხოველებს ეხება, ჯობია კონსულტაცია ვეტერინართან გაიაროთ. ამით ზუსტად გეცოდინებათ თუ რა ტემპერატურას უძლებს თქვენი შინაური ცხოველი", — თქვა კარლსონმა.

რა ტემპარატურაზე არ ღირს ძაღლის გასეირნება?

ფოტო: GETTY IMAGES

VEG Williamsburg-ის ვეტერინარის, ვასი აშრაფის თქმით, ეს დამოკიდებულია ძაღლის ჯიშზე, სხეულზე, ზომაზე, ბეწვის სიხშირესა და სხვა ფაქტორებზე.

"0 გრადუს ცელსიუსზე ძაღლის გასეირნება შეიძლება პრობლემური იყოს. ხოლო, თუ ტემპერატურა -6 გრადუს ცელსიუსზე ქვემოთაა, ამ შემთხვევაში ძაღლის გასეირნებას არ გირჩევთ", — თქვა მან.

და მაინც, თუ ძაღლის გასეირნება ასეთ სიცივეშიც გვჭირდება, აშრაფი გვირჩევს, გარეთ გატარებული დრო 15 წუთს არ გადავაცილოთ.

აშრაფის თქმით, შესაძლებელია ძაღლს სპეციალური სამოსიც უყიდოთ და ისე გაასეირნოთ. ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ მიუსაფარი ძაღლებისთვის ასეთ სიცივეში აუცილებელია სპეციალური თავშესაფრის გამოყოფა.

რა ტემპერატურას უძლებენ კატები?

ძაღლების მსგავსად, კატების უნარი გაუძლონ სიცივეს, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა ჯიში, ზომა და ბეწვი. აშრაფმა თქვა, რომ კატები სიცივის მიმართ ძაღლებზე უფრო მგრძნობიარენი არიან.

მიუსაფარი კატები სიცივეში თავშესაფარს მუდმივად ეძებენ. გასათბობად ისინი ერთმანეთს ეკვრიან და ზოგჯერ მანქანის ძრავების ქვეშაც ამოყოფენ ხოლმე თავს. ეს მათ სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის.

აშრაფის თქმით, როდესაც გარეთ 0 გრადუსი ცელსიუსია, კატისთვის ეს უკვე სერიოზული დისკომფორტია.

რა ტემპერატურას უძლებენ ცხენები?

კარლსონმა CBS News-ს უთხრა, რომ ცხენებსა და ძროხებს სიცივის მიმართ უფრო დიდი ტოლერანტობა აქვთ. ეს მათი სხეულის ზომის გამო ხდება, რაც შესაბამის მეტაბოლიზმზე მოქმედებს.

თუმცა, -6 გრადუს ცელსიუსის ქვემოთ საფრთხე ამ ცხოველებსაც ემუქრებათ. ამიტომ, კარლსონის თქმით, ასეთ დროს ცხოველების შედარებით თბილ თავშესაფარში გადაყვანაა საჭირო.

რა ტემპერატურას უძლებენ ქათმები, იხვები და სხვა ფრინველები?

კარლსონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცხოველის ზომა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა ტემპერატურას უძლებს ის.

"თუ თქვენ გყავთ ქათამი, იხვი ან სხვა ფრინველი ჯობია ყინვისას ისინი ქოხში შეიყვანოთ. ეს მათთვის აუცილებელია", — თქვა კარლსონმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.