მზის სისტემის შიდა რეგიონი, რომელშიც დედამიწის მეზობელი პლანეტებია მოქცეული, საკმაოდ კარგად გვაქვს შესწავლილი, მაგრამ რა არის ამ ჩვენი კოსმოსური უბნის გარეთა არეალში?

ცნობილია, რომ ნეპტუნისაგან 30 ასტრონომიული ერთეული მანძილის მოშორებით კოიპერის სარტყელი ვრცელდება. იქ მცირე ზომის ყინულოვანი ციური სხეულებია განლაგებული, მათ შორის ჯუჯა პლანეტები პლუტონი, ერისი და ჰაუმეა. მისგან კიდევ უფრო მოშორებით ვრცელი ჰიპოთეზური სფერული რეგიონია, რომელსაც ოორტის ღრუბელი ეწოდება და პატარა ყინულოვანი პლანეტოშენადედებისგან შედგება. ასევე, იქიდან მომდინარეობს ხანგრძლივი ორბიტული პერიოდის მქონე კომეტებიც.

ასტროფიზიკოს-თეორეტიკოსმა ამირ სირაჯმა გამოითვალა, ამ არეალში რამდენი ისეთი ციური სხეულის არსებობაა სავარაუდო, რომელთაც ვერ ვხედავთ. მისი დასკვნით, იქ შესაძლოა, მარსზე მასიური 1.2 პლანეტა, მისი ზომის 2.7 და მერკურის ზომის 5.2 ციური სხეული მოძრაობდეს. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათემატიკური სპეკულაციაა და ე.წ. მოხეტიალე პლანეტებს ეხება.

///

ასეთი ობიექტების შესახებ პირველად 2000 წელს შევიტყვეთ. თითოეული მათგანი მშობელ ვარსკვლავს ჩამოშორდა და სივრცეში ეულად გადაადგილება დაიწყო, რისი მიზეზიც გრავიტაციული არასტაბილურობაა. გაურკვეველია, რამდენად გავრცელებულია მსგავსი ფენომენი სამყაროში, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი ამგვარი პლანეტების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება.

საინტერესოა, რომ თუ მოხეტიალე ციური სხეული უცხო ვარსკვლავთან საკმარისად ახლოს მივა, შესაძლოა, მისმა გრავიტაციამ მიიზიდოს და იმ სისტემაში დატოვოს. იმის გასაგებად, თუ რამდენად მოხდებოდა ეს მზის შემთხვევაში, ამირ სირაჯმა ირმის ნახტომში მოხეტიალე პლანეტების სავარაუდო რაოდენობა გამოთვალა. შემდეგ მან მზესთან მათი ახლოს ჩავლის ალბათობა გააანალიზა.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი ვარსკვლავის გრავიტაციის მიერ ასეთი ობიექტების მიზიდვის შანსი ნამდვილად არსებობს, ანუ შესაძლოა, მზის სისტემის შორეულ რეგიონში მერკურისა და დედამიწის მასური დიაპაზონის მქონე პლანეტები იმალებოდეს. ამ საკითხზე მეტის გასაგებად დამატებითი სიმულაციებია საჭირო, რომლებიც მათ მოსალოდნელ სივრცობრივ განაწილებას მოჰფენს ნათელს.

ისინი შესაძლოა, ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიით დავაფიქსიროთ, რომელიც სამეცნიერო ფუნქციონირებას 2025 წელს შეუდგება. ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.