ბოლო 150 წელში პირველად, ახალი ზელანდიის დედაქალაქის ბუნებაში კივის წიწილები გამოიჩეკნენ
ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონის დასავლეთით, ბუნებრივ პირობებში, ფრინველ კივის წიწილები გამოიჩეკნენ. მსგავსი მოვლენა საუკუნეზე მეტია, არ დაფიქსირებულა, ამიტომ ეს სასიხარულო ამბავია.
"მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ ორშაბათს კივის ორ წიწილს მივაგენით. ისინი პირველები არიან, რომლებიც ბოლო 150 წლის განმავლობაში ბუნებაში, უელინგტონის დასავლეთით, გამოიჩეკნენ", — ვკითხულობთ პროექტ Capital Kiwi-ს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
პროექტის მიზანი დედაქალაქის გარშემო არსებულ გორაკებზე კივის ფართომასშტაბიანი პოპულაციის აღდგენაა.
ეს არამფრენი ფრინველი, რომელიც ახალ ზელანდიაში ბინადრობს, ძალიან მოწყვლადია, რის გამოც გადაშენების საფრთხე ემუქრება. მათთვის უმთავრესი რისკი საცხოვრებელი არეალის დაკარგვა და მტაცებლების თავდასხმაა, რაც ამ არსებების გადარჩენას ართულებს. როგორც ცნობილია, შედეგად, ამ რეგიონში მხოლოდ დაახლოებით 26 000 ყავისფერი კივია.
Capital Kiwi-ს მსგავსი პროექტები ამ ფრინველთა გადარჩენასა და დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათ 2022 წელს ბუნებაში რამდენიმე ათეული ზრდასრული კივი გაუშვეს. ახლახან კი, ტერიტორიის შემოწმებისას, "სიურპრიზი" დახვდათ. თავდაპირველად ერთ წიწილს მიაგნეს, მეორეს კი გვიმროვანი მცენარის ტოტებქვეშ მიაკვლიეს.
სპეციალისტთა გუნდი კივის წიწილების ზრდა-განვითარებას გადამცემების მეშვეობით დააკვირდება, სანამ კონკრეტულ წონას — თითქმის 800 გრამს — მიაღწევენ. ამის შემდეგ ისინი მათი მთავარი მტაცებლისგან, ყარყუმისგან, თავდაცვას უკვე შეძლებენ, ზრდასრულობაში კი მათი წონა დაახლოებით სამ კილოგრამამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მალე კიდევ 18 წიწილის გამოჩეკას ელიან, რომელთაც ასევე დააკვირდებიან.
Capital Kiwi-მ გორაკების მიმდებარედ ყარყუმებისთვის ხაფანგებიც დააგო, რათა კივებმა საბინადრო არეალი შეინარჩუნონ. ფრინველთა დაცვაში ადგილობრივებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ამ ყველაფრის შედეგად, იმედოვნებენ, რომ კიდევ მრავალი წიწილი გამოიჩეკება და მათი პოპულაცია აღდგება.
კომენტარები