მამონტები ტეხასში? — 2028 წლისთვის გადაშენებული სახეობის დაბრუნებას გეგმავენ
ტეხასის შტატში ბევრ საინტერესო ცხოველს შეხვდებით. და აი ახლა, Colossal Biosc გადაშენებული მამონტების "გაცოცხლებას" გეგმავს. კომპანიის მიზნების მიხედვით, 2028 წელს ტეხასში ცოცხალი მამონტი იარსებებს.
"Colossal Biosciences არის პირველი კომპანია, რომელიც გადაშენებული ცხოველების დაბრუნებას გეგმავს. მიზანია, ზუსტად გამოვავლინოთ თუ რომელი გენები ასოცირდება ცხოველის ფიზიკურ მონაცემებთან. ვცდილობთ შევისწავლოთ არსების ნერვული დაბოლოებები დაბალ ტემპერატურაზე და როგორ გამოიმუშავებს ორგანიზმი ჰემოგლობინს", — განუცხადა IFLScience-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ბენ ლამმა.
ამისთვის გადაშენებული ცხოველის უახლოესი სახეობის აღმოჩენა და შესწავლაა საჭირო. მამონტის შემთხვევაში ეს აზიური სპილოა, რომელიც გენეტიკურად 99,6%-ით იგივეა.
"ჩვენ გვსურს გამოვიკვლიოთ გენები, რომლებიც სპილოს სიცივის მიმართ ტოლერანტულს გახდიდა. ეს გენები ახლა აღარ გვაქვს. თუ ჩვენ ამ გენებს შევისწავლით, მაშინ მამონტის დაბრუნებაც შეგვეძლება", — თქვა ბენ ლამმა.
მამონტის "გაცოცხლება" აზიური სპილოს კვერცხუჯრედიდან ბირთვის ამოღებას და მასში მამონტის მახასიათებლების მოთავსებას გულისხმობს. ამაში იგულისხმება სიცივის მიმართ მდგრადობა, შესაბამისი ბეწვი, ეშვები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ იგივე კომპანიის მეცნიერებს სხვა გადაშენებული სახეობის დაბრუნება და მისთვის შესაბამისი ჰაბიტატის შექმნაც სურთ.
მეცნიერებს ისეთი ჰაბიტატის შექმნა აქვთ გადაწყვეტილი, რომელშიც გადაშენებული ფრინველი დოდო, იგივე მავრიკანული დრონტი ცხოვრობდა. უშუალოდ ჰაბიტატის შექმნის შემდეგ, ფონდი იზრუნებს იმაზე, რომ ფრინველი ველურ ბუნებას თავისუფლად დაუბრუნდეს.
კომენტარები