რა უნდა ვიცოდეთ აპლიკაციაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა ცხენზე შემოსვა — პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი ფოტოები. ეს პორტრეტები პროგრამა Remini-ს გამოყენებით არის შექმნილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით ახალ ფოტოებს აგენერირებს ან არსებულებს არედაქტირებს.

ასევე იხილეთ: ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვეთ, ქართველი პოლიტიკოსები არისტოკრატებად ექცია — 15 ფოტო

სტატიაში Remini-ს შესახებ საბაზისო ინფორმაციას მოგაწვდით და ბოლოში რამდენიმე აქტუალურ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს.

რა არის Remini

Remini იტალიაში, მილანში, 2019 წელს შექმნილი პლატფორმაა. ვებსაიტის თანახმად, იგი ტექნოლოგიური კომპანია Bending Spoons-ის საკუთრებაა.

Remini-ს გასულ წელს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (generative AI) ელემენტები დაემატა. შედეგად შესაძლებელია, საკუთარი ფოტოები ავტვირთოთ და AI-ს სხვადასხვა სტილის პორტრეტების, ერთგვარი ავატარების, შექმნა ვთხოვოთ. შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტით სურათების რედაქტირებაც.

AI ფუნქციების დამატებამ Remini-ს პოპულარობა მკვეთრად გაზარდა. პროგრამით შექმნილი პორტრეტები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

Remini-ს ვებსაიტის თანახმად, მას თვეში 40 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს; თვეში აპლიკაციას 15 მილიონი ადამიანი იწერს; ჯამში მისი მეშვეობით უკვე 5 მილიარდამდე ფოტო თუ ვიდეოა დარედაქტირებული.

Remini მომხმარებელს API სერვისსაც სთავაზობს — ამ ტექნოლოგიის ინტეგრირება დეველოპერებს თავიანთ პროდუქტშიც შეუძლიათ.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით პორტრეტების შექმნა მხოლოდ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. მეორე მხრივ, AI-ს მეშვეობით ფოტოს რედაქტირებას პროგრამის ვებგვერდზეც შეგიძლიათ.

აპლიკაცია Android-ზეც ხელმისაწვდომია და iOS-ზეც. მისით უფასოდ სარგებლობა მხოლოდ გარკვეული ლიმიტების ფარგლებშია შესაძლებელი (გადასახადისთვის გვერდის ასავლელად რჩევებს სტატიის ბოლოს მოგცემთ).

რაში გამოიყენება

AI პორტრეტების გენერირება

AI პორტრეტების შესაქმნელად პირველ რიგში თქვენი 8-12 ფოტო უნდა ატვირთოთ და საკუთარი გენდერი მიუთითოთ. შემდეგ სურათის "მოდელს" აირჩევთ, ანუ შაბლონს, რომლის სტილსაც თქვენი პორტრეტები გინდათ მოერგოს. აპლიკაციაში სხვადასხვანაირი მოდელი შეგხვდებათ: ვინტაჟური, კლასიკური, ფანტასტიკის ჟანრის, სხვადასხვა პროფესიების მქონე და ა.შ.

ფოტო: Saira Mueller

ფოტოების მიწოდების შემდეგ პირველი AI პორტრეტების შექმნას შედარებით მეტი დრო სჭირდება. შემდეგ ჯერზე ეს დრო საშუალოდ 2-4 წუთამდე მცირდება. ლოდინის შემდეგ აპლიკაციაში 6 სურათი დაგხვდებათ. შეგიძლიათ, ისინი წაშალოთ ან გადმოწეროთ.

ამ ფუნქციას არამხოლოდ გასართობად, არამედ პროფესიონალური ფოტოების შესაქმნელადაც იყენებენ, საქმიანი მიზნებით.

@ketchyna They ate with the first 2 im ngl i might actually use them😭 #fyp #fypシ #ai ♬ Get You (feat. Kali Uchis) - Daniel Caesar

არსებული სურათების რედაქტირება

აპლიკაციისა და მისი ვებვერსიის მეშვეობით არსებული სურათების რედაქტირებაც არის შესაძლებელი: დეტალების გამოკვეთა, ხარისხის გაუმჯობესება, ფერების შესწორება, ფოტოს ტონების შეცვლა, ფონის მორგება და ა.შ.

ამას რამდენიმე წამი სჭირდება. შეგიძლიათ, მიღებული შედეგი თავდაპირველ ფოტოს მარჯვნივ და მარცხნივ გადაფურცვლის გზით შეადაროთ.

ფოტო: Remini

მსგავსი პრინციპით მუშაობს AI ფილტრების ფუნქციაც. შეგიძლიათ, ატვირთულ ფოტოს სხვადასხვა სტილის ფილტრი მოარგოთ და შედეგს რამდენიმე წამში იხილავთ — გახდებით ბავშვი, ზომბი ან სულაც ბარბი.

უსაფრთხოა?

ეს კითხვა ნებისმიერ აპლიკაციაზე უნდა დავსვათ, სანამ გადმოვწერდეთ (კიბერჰიგიენაზე სხვა რჩევებს ამ ბმულზე მიიღებთ). მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ AI-ს მიერ გენერირებული ფოტოები ჩვენთვის საზიანო პროგრამებსაც შემოუთავაზებია.

ასევე იხილეთ: მოერიდეთ პროგრამებს, რომლებიც ბარბებად გაქცევთ — 2 სახიფათო აპლიკაცია

მიუხედავად ამისა, Remini-ს გამოყენება უსაფრთხოა. მან ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა იმისთვის, რომ Google Play Store-სა და App Store-ზე მოხვედრილიყო.

Scamadviser-ის მიხედვით, უსაფრთხოა მისი ვებსაიტიც.

ჩვენს ფოტოებს თუ ინახავს?

თუ აპლიკაციით სარგებლობა გსურთ, პირველ რიგში მას თქვენს ფოტოებსა და ვიდეოებზე უნდა მისცეთ წვდომა. ეს მსგავსი სხვა აპლიკაციების შემთხვევაშიც ასეა. თავად წყვეტთ იმას, თუ რომელ ალბომებზე გასცემთ ნებართვას. გადაწყვეტილების შეცვლა მობილურის პარამეტრებიდან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ფოტოების შენახვას რაც შეეხება, Remini-ს პოსტის მიხედვით, ჩვენ მიერ მიწოდებული მასალები მათ სერვერებზე სულ ცოტა ხნით ინახება — მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რა დროც თქვენთვის მომსახურების მოსაწოდებლად არის საჭირო.

პლატფორმა თქვენს ფოტოებსა და ვიდეოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ნებართვას თავად გასცემთ. ამ შემთხვევაშიც მონაცემებს მხოლოდ შეზღუდული დროით ინახავენ, შემდეგ კი შლიან.

როგორ ვისარგებლოთ უფასოდ?

აპლიკაციაში შესვლიდან მალევე აღმოაჩენთ, რომ იგი ფასიანია. აპლიკაცია ამჟამად კვირაში $9.99 ღირს, ხოლო ხანგრძლივი პაკეტის შეძენისას — წელიწადში $79.99.

როცა რაიმეს გაკეთებას დაიწყებთ, მაშინვე გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც Remini-ს გამოწერას შემოგთავაზებთ. ამისათვის ბარათის მონაცემების მითითებაა საჭირო.

გადახდისთვის თავის არიდებას ორი გზით შეძლებთ:

  1. უბრალოდ x ღილაკს დააჭირეთ, რამდენჯერაც ეკრანზე ფანჯარა გამოჩნდება. ასე მოდელების გენერირებას ჩვეულებრივად შეძლებთ, სანამ გარკვეული ლიმიტი არ ამოიწურება; შეგიძლიათ, ამის შემდეგ აპლიკაცია ხელახლა გადმოწეროთ და კიდევ ისარგებლოთ იმავე პირობებით;
  2. პაკეტის შეძენის შემთხვევაში პირველი კვირის განმავლობაში აპლიკაციით უფასოდ ისარგებლებთ, რაიმე ლიმიტის გარეშე. შეიყვანეთ ბარათის მონაცემები და Remini გამოიწერეთ. არ დაგავიწყდეთ და გამოწერა მანამ გააუქმეთ, სანამ თანხას ჩამოგაჭრით.

თუ გადაწყვეტთ, რომ Remini-ს ეს ფუნქციები ამად ღირს, შეგიძლიათ, ფინანსური რესურსის გაღებაზე საცდელი ვადის ანდა ემოციური რესურსის ამოწურვის შემდეგ დაფიქრდეთ.

მანამდე, აპლიკაციის ფოტოებით ეს ქვიზი მოგიმზადეთ.

ტესტი: გამოიცანი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათით

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
  2. დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ
  3. არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
  4. ნახეთ მარსის 360°-იანი ხედი — NASA-ს მავალის ახალი კადრები წითელ პლანეტაზე გამოგზაურებთ
  5. აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიასავით მკვრივია

გირჩევთ