მოერიდეთ პროგრამებს, რომლებიც ბარბებად გაქცევთ — 2 სახიფათო აპლიკაცია
პოლონეთის გაციფრულების სამინისტრომ ახლახან გაფრთხილება გაავრცელა, რომელიც ბარბისთან დაკავშირებულ ფოტოებს ეხება. საუბარია ორ აპლიკაციაზე — barbieselfie.ai და bairbie.me — რომლებიც ჩვენს ფოტოებს თოჯინებად, ბარბიდ ან კენად, აქცევს. მათი განცხადებით, ეს პროგრამები ჩვენს მონაცემებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
"მოერიდეთ ბარბი სელფებს. პირველად თოჯინა იყო, რომელმაც გოგოების გული მთელს მსოფლიოში დაიპყრო. შემდეგ უაღრესად პოპულარული ფილმი გამოვიდა მარგო რობის მონაწილეობით. ახლა "ბარბიმანია" დაიწყო და ინტერნეტი ფოტოებით გაივსო, რომლებიც ადამიანებს ცნობილ სათამაშოდ გარდაქმნის", — წერს სამინისტრო ფეისბუკგვერდზე.
აღნიშნულია ისიც, რომ, მეორე მხრივ, ამგვარი აპლიკაციები სიახლე სულაც არაა.
"უკვე ყოფილა ძაღლის ყურებიანი ფოტოები და აპლიკაციები, რომლებიც გვაბერებს. ახლა უკვე მხოლოდ ერთი დაჭერით შეგვიძლია, ბარბი ან კენი გავხდეთ", — აღნიშნა სამინისტრომ.
ამასთანავე, სამინისტრო გვაფრთხილებს, რომ ეს ერთი შეხედვით უწყინარი გასართობი რეალურად მასშტაბური ოპერაციაა, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებისგან მონაცემების შეგროვებას ემსახურება.
"ორი აპლიკაციაა ონლაინ: barbieselfie.ai და bairbie.me; ჩვენს მონაცემებს ორივე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ barbieselfie.ai-ის სერვისის კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე დათანხმებით მომხმარებლები აპლიკაციას არაერთი ტიპის მონაცემზე აძლევენ წვდომას. მათ შორისაა: სმარტფონის კამერა, გადახდების ისტორია, GPS ადგილმდებარეობის ისტორია, რეგისტრაციის მონაცემები და მობილური ტელეფონის ზუსტი ტექნიკური ინფორმაცია.
"bairbie.me აპლიკაცია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მოთხოვნებს არ შეესაბამება. შესაბამისად, არ ვიცით, რა ინფორმაცია გროვდება და როგორ იქნება იგი გამოყენებული. მოდი, სიფრთხილით მოვეკიდოთ, რას ვაჭერთ და ონლაინ საკუთარი უსაფრთხოება დავიცვათ", — წერია განცხადებაში.
თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები