შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ტვინს სიცოცხლეს სხეულის გარეშე უნარჩუნებს
მკვლევრებმა ტვინს ფუნქციონირება 5 საათის განმავლობაში შეუნარჩუნეს.
ტეხასელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც ტვინს სიცოცხლეს რამდენიმე საათის განმავლობაში უნარჩუნებს და ეს სხეულის გარეშე. თუ ამან საკულტუ ანიმაცია — Futurama გაგახსენათ, თქვენ მარტო არ ხართ.
დალასში, ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთის სამედიცინო ცენტრის ჯგუფმა კვლევისთვის ორი ღორის ტვინი გამოიყენა. სხეულისგან განცალკევებული ღორის ტვინები სპეციალურ მოწყობილობასთან დააკავშირეს. შედეგად, მოწყობილობა ტვინში სისხლის მიწოდების იმიტირებას ახდენს.
მკვლევრებს ამით ტვინის სხეულისგან დამოუკიდებლად შესწავლა სურდათ. ამან ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც გულისა და ფილტვების ხელოვნურად მუშაობაში გვეხმარება.
"ეს ახალი მეთოდი საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვებს, რომლებზეც აქამდე პასუხი არ გვქონდა. ახლა ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც ტვინში სისხლის მიწოდების სიმულირებას ახდენს და ამას საკმაოდ კარგად აკეთებს, — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ხუან პასკუალმა.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა ტვინს ფუნქციონირება 5 საათის განმავლობაში შეუნარჩუნეს. ამის პარალელურად, შეისწავლეს ის თუ როგორ მოქმედებს შაქარი ტვინზე და ეს სხეულის სხვა მექანიზმებისგან განცალკევებით.
რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი მოწყობილობა ტვინს გულის მსგავსად აწვდის სისხლს. მკვლევრების თქმით, ეს უდიდესი მიღწევაა.
ვინ იცის, იქნებ ოდესმე ადამიანის სხეულის სიკვდილის შემდეგ ტვინს სიცოცხლე სრულად შევუნარჩუნოთ. თუმცა, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შეგვიძლია. ამიტომ, პროფესორი დოუელის თავამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, თუმცა პროგრესი გვაქვს და ესეც მნიშვნელოვანია.
კომენტარები