სემ ოლტმენი OpenAI-ს ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოწინავე ამერიკული ორგანიზაცია OpenAI-ს დირექტორთა საბჭომ სემ ოლტმენი ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა.
"ბატონი ოლტმენის თანამდებობიდან გადაყენება საბჭოს თათბირზე განხილვის პროცესს მოჰყვა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ის ჩვენთან კომუნიკაციაში გულწრფელი არ იყო, რაც მის მიერ მოვალეობების შესრულებას ხელს უშლიდა. საბჭო მას OpenAI-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელობას ვეღარ ანდობს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც ცნობილი გახდა, მის მოვალეობას დროებით კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური დირექტორი, მირა მურატი, ასრულებს, პარალელურად კი ახალი კანდიდატის ძებნა მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, ამ სიახლის შესახებ ორგანიზაციის თანამშრომლებმა საჯარო განცხადებით შეიტყვეს.
აღნიშნულ მოვლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ოლტმენი:
"OpenAI-ში გატარებული დრო მიყვარდა. ეს პირადად ჩემთვის და, ვიმედოვნებ, ოდნავ მსოფლიოსთვისაც, გარდამტეხი იყო. ყველაზე მეტად ასეთ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მუშაობა მიყვარდა.
სამომავლო გეგმებს მოგვიანებით გაგაცნობთ", — წერს ის X-ში (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ პოსტში.
კომპანიისგან ისიც შევიტყვეთ, რომ საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა OpenAI-ს თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა გრეგ ბროკმენმაც, თუმცა ის ორგანიზაციაში რჩება. როგორც მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში თავად აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილება სწორედ ზემოხსენებული სიახლის გამო მიიღო.
სხვა პოსტში ის წერს, რომ ორივე მათგანს ამ ყველაფრის შესახებ პარასკევს შეატყობინეს, ჯერ სემ ოლტმენს, შემდეგ კი გრეგ ბროკმენს. აქედან მალევე OpenAI-ს განცხადება გამოქვეყნდა.
უნდა ითქვას, რომ ოლტმენი ყველასთვის კარგად ცნობილი ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის სახე საკმაოდ დიდხანს იყო, ამიტომ თანამდებობიდან მისი გადაყენება მოულოდნელია. ცოტა ხნის წინ მან მნიშვნელოვანი განახლებებიც დააანონსა, რათა სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან კონკურენტუნარიანობა შეენარჩუნებინა. Microsoft-ში, რომელმაც OpenAI-ში მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო, აცხადებენ, რომ კომპანიასთან თანამშრომლობას განაგრძობენ.
ოლტმენი OpenAI-ის თანადამფუძნებელია, რომელიც თანათავმჯდომარე იყო ილონ მასკთან ერთად, რომელმაც 2018 წელს საბჭოს დატოვა. ოლტმენისა და ბროკმენის გათავისუფლების შემდეგ ახლა საბჭოს წევრები არიან: ილია სუცკევერი, ადამ დი ენჯელო, ტაშა მაკკოული და ელენ ტონერი.
კომენტარები