არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის მეომრის ქანდაკება აღმოაჩინეს
მეომრის ქანდაკებას თავზე გველის ფორმის ჩაფხუტი აქვს.
მექსიკაში არქეოლოგებმა მაიას მეომრის 1 000 წლის ქანდაკება აღმოაჩინეს. აღმოჩენა იუკატანის ნახევარკუნძულზე, ჩიჩენ-იცას ტაძრის სარდაფში გაკეთდა.
ქანდაკება ასახავს მეომარს, რომელსაც გველის ფორმის ჩაფხუტი აქვს. მას ასევე ბუმბულიანი თავსაბურავი გამოარჩევს.
ინფორმაციას მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტი (INAH) ავრცელებს.
ქანდაკება 33 სანტიმეტრის სიმაღლისაა, ხოლო სიგანეში 28 სანტიმეტრია. არქეოლოგების თქმით, ქანდაკება კარგად არის შემონახული და ის შესაძლოა, ოდესღაც უფრო დიდი სკულპტურული დიზაინის ნაწილი იყო.
ჩიჩენ-იცა მეცხრე და მე-13 საუკუნეებს შორის ყვაოდა. ის 300 ჰექტარის მიწას მოიცავდა. ნამარხის ცენტრში პირამიდაა, რომელიც ცნობილია როგორც El Castillo (სასახლე). მისი სიმაღლე 30 მეტრი იყო. ადგილზე სხვა ტაძრებიცაა, ასევე შეხვდებით ბურთის მოედანსა და ასტრონომიულ ობსერვატორიას.
ეს ლოკაცია ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. ამ ადგილს არქეოლოგებიც სწყალობენ. კონკრეტული აღმოჩენა რკინიგზის გაყვანისას, პარალელური არქეოლოგიური სამუშაოებისას გაკეთდა.
სამშენებლო სამუშაოების დროს უამრავი სხვა არქეოლოგიური აღმოჩენაც მოხდა. არქეოლოგებმა აქ დაახლოებით 660 ადამიანის სამარხს მიაგნეს, იპოვეს მილიონზე მეტი კერამიკული ფრაგმენტი, მრავალი არქიტექტურული სტრუქტურის ნაშთები და სხვა.
კომენტარები