მასკის თქმით, Starlink ღაზას ინტერნეტს მიაწვდის
Starlink ღაზაში საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებს დაეხმარება
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია Starlink ღაზაში საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებს დაეხმარება. ბუნებრივია, საუბარია ინტერნეტის მიწოდებაზე.
მასკის განცხადება აშშ-ს კონგრესმენის ალექსანდრია ოკასიო-კორტესის პოსტს მოჰყვა. კონგრესმენა ღაზას სექტორში ინტერნეტის გათიშვის მიმართ შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან ცუდია ჟურნალისტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ჰუმანიტარული ძალისხმევისთვისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
"არ ვიცი, როგორ შეიძლება ასეთი ქმედების გამართლება", — დაპოსტა კორტესმა X-ზე.
Starlink-ის მიზანი რთულად მისაწვდომ ადგილებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებაა. SpaceX-მა ამ ეტაპზე 5 000-ზე მეტი თანამგვზავრი გაუშვა ორბიტაზე და მომავალში კიდევ 42 000-ის გაგზავნას გეგმავს.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, ღაზაში კომუნიკაციების შეფერხება უარყოფითად მოქმედებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების საქმიანობასა და სასწრაფო დახმარების სერვისებზე.
კომუნიკაციების გათიშვა ასევე დაადასტურა ჯავალმა, პალესტინის სატელეკომუნიკაციო პროვაიდერმა. მათი თქმით, დაბომბვებმა გაანადგურა ღაზას გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ყველა საშუალება.
მასკის ამ გადაწყვეტილებას ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ნაწილმა მასკს ინიციატივა მოუწონა, ხოლო დანარჩენები ამ მიდგომას ეჭვის თვალით უყურებენ. ცალკე საკითხია, რამდენად შეძლებს Starlink ღაზაში ისრაელისა და სხვა მხარეების ჩარევის გარეშე ოპერირებას.
კომენტარები