15 000 მეცნიერის განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
განცხადებას მეცნიერები ხელს 163 ქვეყნიდან აწერენ
2019 წლის ნოემბერში, 11 000-ზე მეტმა ექსპერტმა მთელი მსოფლიოდან ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც კლიმატთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციას უსვამდა ხაზს. განცხადებაში მეცნიერები საზოგადოებებსა და ხელისუფლებებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.
და აი ახლა, 15 000-ზე მეტმა მეცნიერმა განცხადება განაახლა. მათი თქმით, დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
იმოქმედეთ
"თუ არ ვიმოქმედებთ ეს ყველაფერი კოლაფსამდე მიგვიყვანს. გაუსაძლისი სიცხეები გააჩენს საკვებისა და მტკნარი წყლის დეფიციტს", — თქვა ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯის ყოფილმა დოქტორანტმა და მოხსენების წამყვანმა კრისტოფერ ვულფმა.
საუბარია ქმედებებზე, რომელიც უფრო მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა რესურსზე გადასვლას მოიცავს — ეს შეიძლება იყოს განახლებადი ენერგიის წყაროები.
მეცნიერები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წიაღისეული საწვავია.
"პლანეტაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", — აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება.
1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. მეტიც, 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.
შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
"როგორც მეცნიერებს, ჩვენ ძალიან გვანაღვლებს კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების სიხშირისა და სიმძაფრის მატება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსთვის 3-დან 6 მილიარდამდე ადამიანი საფრთხის წინაშე იქნება. ეს შეიძლება აისახოს საკვებისა და წყლის დეფიციტზე", — აღნიშნულია განცხადებაში.
მოხსენება ჟურნალ BioScience-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები