როგორი იყო უძველესი ფეხსაცმელი — კვლევა
მეცნიერებმა "ევროპის უძველესი ფეხსაცმელი" შეისწავლეს
მეცნიერებმა ე.წ. ევროპის უძველესი ფეხსაცმელი შეისწავლეს, რომელიც 6 000 წლით თარიღდება. ფეხსაცმელი, 75 სხვა მალფუჭებად არტეფაქტთან ერთად, ესპანეთის გამოქვაბულში მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს. ის მადრიდის Arqueológico Nacional მუზეუმში ინახებოდა.
მასალების ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ არტეფაქტები ორგანული მასალისგან არის დამზადებული. უძველესი ფეხსაცმელი ბალახის გამოყენებითაა ნაქსოვი. ის გამოქვაბულის დაბალი ტენიანობისა და სიგრილის გამო კარგად შემოინახა.
"სამხრეთ ევროპაში, მეზოლითისა და ნეოლითის პერიოდით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენები შედარებით იშვიათია. ამ მხრივ მხოლოდ რამდენიმე ადგილი გვაქვს, სადაც ნამარხები კარგადაა შემონახული", — ამბობენ მკვლევრები.
მცენარეებზე დაფუძნებული ტექნიკა
მალფუჭებადი 76 ნივთი მოიცავდა 10 ხის საგანს, ლერწმის ნაკეთობასა და 65 ბოჭკოვან არტეფაქტს ბალახისგან.
სანდლების გარდა, ასევე შეისწავლეს იარაღები და კალათები.
"ტექნოლოგიური მრავალფეროვნება და ნედლეულის დამუშავება, ხაზს უსვამს პრეისტორიული ადამიანების მოქნილობაზე", — განუცხადა BBC-ს კვლევის თანაავტორმა მარია ჰერერო ოტალმა.
ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ზოგიერთი არტეფაქტი აქამდე არასწორად იყო იდენტიფიცირებული. რამდენიმე მათგანი 2000-დან 9000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე ეგონათ.
უძველესი ფეხსაცმელი
აქამდე მსოფლიოში უძველესი ფეხსაცმლის ნიმუში 5 500 წლით თარიღდებოდა, რომელსაც 2010 წელს სომხეთის ტერიტორიაზე მიაგნეს.
"ჩვენს მიერ შესწავლილი არტეფაქტები წარმოებული იყო როგორც მეზოლითურ, ისე ნეოლითურ პერიოდებში. აქ ასევე ვხვდებით ევროპაში დოკუმენტირებული მცენარეული ფეხსაცმლის ყველაზე ადრეულ ეგზემპლარს", — აცხადებენ მკვლევრები.
მკველვრების თქმით, მათ მიერ შესწავლილი ნიმუში სომხეთში აღმოჩენილ ფეხსაცმელზე 500 წლით უფრო ძველია.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები