Meta თავისი AI ჩატბოტების გამოშვებას გეგმავს, რომლებსაც სხვადასხვა პერსონაჟის სახე ექნება
The Wall Street Journal-ის მიხედვით, Facebook-ის მშობელი კომპანია Meta ორგანიზაციის შიგნით თავისი AI ჩატბოტის გაშვებას გეგმავს. მას "Gen AI Personas" ჰქვია და ახალგაზრდა მომხმარებლებზეა გათვლილი.
ChatGPT-ს მსგავსი ჩატბოტის გაშვება ოთხშაბათს იგეგმება Meta-ს ღონისძიებაზე, Connect Event-ზე.
ჩატბოტს, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტი ტესტავს, რამდენიმე "პერსონა" აქვს. მათ შორისაა აბრაამ ლინკოლნის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, პერსონაჟიც. ამას გარდა, იქნება "თავხედი ბოტიც", რომელიც სერიალ ფუტურამას პერსონაჟისგან, ბენდერისგან, არის შთაგონებული.
შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი კოდირებაში, პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში თუ სხვა პრაქტიკული დავალებების შესრულებაში დაგვეხმაროს. ამას გარდა, ცნობილი ადამიანები შეძლებენ, ფანებისთვის საკუთარი ჩატბოტები შექმნან.
მსგავსი წამოწყება ახალგაზრდა მომხმარებლების დაინტერესებას ემსახურება — კომპანიას სოციალურ ქსელებში ჩართულობის გაზრდა სურს. ახალი AI ბოტების შექმნა იმის ნიშანიცაა, რომ მთელი მსოფლიოს კვალდაკვალ დიდი ენის მოდელების (LLM) ბაზრით Meta-ც დაინტერესდა.
Gen AI Personas-ს ჯერჯერობით მხოლოდ კომპანიის შიგნით გამოცდიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დავუცადოთ, როდის გახდება სიახლე ჩვენთვის ხელმისაწვდომი.
კომენტარები