Space Force-მა კოსმოსში "ჯაშუში სატელიტები" გაუშვა
CBS News იტყობინება, რომ აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა (Space Force) ორბიტაზე ჯაშუში სატელიტები გაუშვა. სატელიტების მისია კოსმოსში სადაზვერვო სამუშაოების ჩატარება იქნება.
სატელიტები ეროვნული საიდუმლო სადაზვერვო ოფისის (NRO) ფარგლებში შეიქმნა. რაკეტა ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალიდან გაუშვეს.
სატელიტების დანიშნულება დიდი სიმაღლის გეოსინქრონული ორბიტაა, რომელსაც სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ.
"მისიის იდეა თანამგზავრის გეოსინქრონულ ორბიტაზე გაყვანაა. ამის შემდეგ ორბიტალურ რეჟიმზე დაკვირვება მოხდება. ამით ასევე გვინდა ვიცოდეთ, ხდება თუ არა რაიმე, რაც პოტენციურად საფრთხეს უქმნის მაღალი ღირებულების აქტივს, როგორც ჩვენსას, ისე ჩვენი მოკავშირეებისას", — განუცხადა CBS News-ს NRO-ს დირექტორმა, კრის სკოლიზმა.
ბოლო დროს კოსმოსში სამხედრო მისიებმა იმატა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო აქტიურად მუშაობენ ანტი-სატელიტურ ტექნოლოგიებზე. ეს Space Force-ის შეშფოთებას იწვევს და როგორ ჩანს, ბოლო აქტივობაც აქედან გამომდინარეობს.
Silent Barker
მიუხედავად იმისა, რომ მისიის დიდი ნაწილი კლასიფიცირებულია, კოსმოსური ძალების წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ თანამგზავრები "გეო სარტყელზე" მეტი ინფორმაციის მისაღებადაა შექმნილი. ეს ადგილი პლანეტის ეკვატორიდან 35 405 კილომეტრითაა დაშორებული. საიდუმლო მისიის სახელი Silent Barker-ია.
"შეკავების მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც მოწინააღმდეგემ იცის თუ რა შეგიძლია. ამიტომ, კონკურენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი თვალები ყველაფერს სწვდება", — უთხრა Space Force-ის წარმომადგენელმა CBS News-ს.
CBS News-ის ინფორმაციით, ახლო მომავალში შემდეგი ჯაშუში სატელიტების გაგზავნა იგეგმება. სატელიტების სისტემა სრულად 2026 წლისთვის უნდა იყოს გამართული.
კომენტარები