ისტორიაში პირველად, ადამიანის სხეულში გადანერგილმა ღორის თირკმელმა სასიცოცხლო ფუნქცია შეასრულა
ადამიანის ორგანიზმში ღორის თირკმლების გადანერგვის პროცედურები უკვე საუკუნეზე მეტია, ტარდება, თუმცა მათი ფუნქციონირება დღემდე პრობლემური იყო. ალაბამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევა აქვთ: მათ ტრანსპლანტაციისთვის გენმოდიფიცირებული ცხოველის ორგანო გამოიყენეს, რომელმაც მკვდარი ტვინის მქონე პაციენტის სხეული კრეატინინისგან გაათავისუფლა და შარდი წარმოქმნა.
კრეატინინი კრეატინფოსფორმჟავას ნარჩენი პროდუქტია, რომელიც ძირითადად ჩვენს კუნთებში გამოიყოფა. ის ორგანიზმიდან მხოლოდ თირკმლების მეშვეობით, შარდის სახით გაედინება, რაც ამ ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციის ერთ-ერთი უმთავრესი საზომია და აქამდე ასეთი დონეზე არასდროს მიღწეულა.
ორგანოების სახეობათაშორის გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება, რომელიც ადამიანებში ისეთი წარმატებით ვერ ხორციელდება. ეს იმიტომ, რომ ჩვენს ორგანიზმს უცხო ქსოვილების მიღება უჭირს. ამ დაბრკოლების გადალახვა თეორიულად იმუნური სისტემის მოტყუებითაა შესაძლებელი, რისთვისაც ცხოველთა გენებს ცვლიან. სწორედ მსგავს მეთოდს მიმართეს მეცნიერებმა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში.
მათ ღორის 4 გენი ამოიღეს და ადამიანის 6 გენი დაამატეს, რამაც ცხოველის თირკმელი "გააადამიანურა" და მან პაციენტის სხეულში 4 კვირის განმავლობაში იფუნქციონირა. სპეციალისტებმა ახლა უნდა გაარკვიონ, ეს მეთოდი თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებებთან ბრძოლის დროებით გზაა თუ საბოლოო თერაპია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მნიშვნელობა დიდია, რადგან ყოველწლიურად დონორის ლოდინში უამრავი პაციენტი იღუპება.
უნდა ითქვას, რომ წარმატების მიუხედავად, ამგვარი ქსენოტრანსპლანტაციის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. იმავე მეცნიერებმა გასულ წლებში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი მკვდარი ტვინის მქონე სხვა ინდივიდსაც გადაუნერგეს, მაგრამ მან საკმარისი ოდენობის კრეატინინი ვერ გამოდევნა. სისხლში ის ისევ ფიქსირდებოდა, შარდში კი — არა.
ჯერჯერობით მსგავსი ცდები ცოცხალ ადამიანზე არ ჩატარებულა, მაგრამ საამისოდ გენმოდიფიცირებული ცხოველის თირკმელი მაინც ყველაზე უსაფრთხოა, რადგან იმუნური სისტემა მას იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილის რისკი არსებობს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში JAMA Surgery გამოქვეყნდა.
კომენტარები