კაცმა, რომელიც მაწანწალა კატამ დაკბინა, მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ინფექცია შეიძინა
დიდ ბრიტანეთში მაწანწალა კატის მიერ დაკბენილმა 48 წლის მამაკაცმა შეიძინა ბაქტერიების სახეობა, რომელიც მეცნიერებს აქამდე არასოდეს უნახავთ.
მისი იმუნური პასუხი უცხო მიკროორგანიზმებზე უნიკალური იყო. დაკბენიდან, სულ რაღაც, რვა საათის შემდეგ მამაკაცს ხელები იმდენად დაუსივდა, რომ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ მისი მისი ჭრილობები გაწმინდეს და დაამუშავეს, ასევე გაუკეთეს ტეტანუსის აცრა და დაუნიშნეს ანტიბიოტიკები.
გაწერიდან ერთი დღის შემდეგ ის საავადმყოფოში დაბრუნდა. მისი ნეკა და შუა თითები მარცხენა ხელზე მტკივნეულად იყო დასივებული და ორივე წინამხარი წითელი და შეშუპებული ჰქონდა. ექიმებს ჭრილობების ირგვლივ დაზიანებული ქსოვილის ამოღება მოუწიათ. მას ასევე შეუყვანეს სამი სხვადასხვა ანტიბიოტიკი.
მეორე ჯერზე მკურნალობამ იმუშავა და კაცი გამოჯანმრთელდა. თუმცა ექიმებმა დაიწყეს გარკვევა იმისა, რა მოხდა რეალურად. როდესაც მათ კაცის ჭრილობების ნიმუშებში არსებული მიკროორგანიზმები გააანალიზეს, აღმოაჩინეს სტრეპტოკოკის მსგავსი ამოუცნობი ორგანიზმი.
სტრეპტოკოკი არის გრამდადებითი ბაქტერიების გვარი, რომელიც დაკავშირებულია მენინგიტთან, მწვავე ფარინგიტთან, ბაქტერიულ პნევმონიასა და მრავალ სხვა დაავადებასთან.
მაგრამ როდესაც მკვლევრებმა ამ ბაქტერიის გენომის ნაწილი თანმიმდევრობით დაალაგეს, აღმოჩნდა, რომ ის არ ემთხვეოდა არცერთ დაფიქსირებულ შტამს. ეს იყო ახალი ბაქტერია, რომელიც მეცნიერებს ოფიციალურად არასოდეს დაუფიქსირებიათ.
როგორც გაირკვა, ბაქტერია მიეკუთვნება გრამდადებითი ბაქტერიების სხვა გვარს, სახელად Globicatella. მისი გენომის სრული თანმიმდევრობა ვარაუდობს, რომ იგი, დაახლოებით, 20%-ით განსხვავდება სხვა მონათესავე შტამებისგან, როგორიცაა G. sulfidfaciens.
იმის გამო, რომ G. sulfidifaciens მდგრადია რამდენიმე გავრცელებული ტიპის ანტიბიოტიკის მიმართ, მისი ორგანიზმიდან აღმოფხვრა რთულია. საბედნიეროდ, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილმა ახალმა შტამმა დადებითად უპასუხა, სულ მცირე, ზოგიერთ ანტიბიოტიკს.
თუმცა ეს ამბავი, ფაქტობრივად, გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის. ექსპერტების თქმით, კატები ზოგჯერ ძალიან მავნე პათოგენების მატარებლები არიან, ამიტომ თუკი მაწანწალა კატა დაგკბენთ, ჭრილობა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოთ საპნით ან მარილით და მიმართოთ ექიმს.
შემთხვევის კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ში.
კომენტარები