"ბოლო 120 000 წლის განმავლობაში ასეთი სიცხე არ ყოფილა" — წლევანდელი ივლისი ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა
ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორიამ სამშაბათს დაადასტურა, რომ ივლისი დედამიწის ისტორიაში ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე ცხელი თვე იყო.
მსოფლიოს გარშემო თბური ტალღებითა და ხანძრებით, გასული თვე 0,33 გრადუსი ცელსიუსით უსწრებს 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ რეკორდს, როდესაც საშუალო ტემპერატურა 16.63 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა.
"დაკვირვებებისა და პალეოკლიმატის ჩანაწერების მიხედვით, ბოლო 120 000 წლის განმავლობაში ასეთი სიცხე არ ყოფილა", — თქვა სამანტა ბურგესმა, ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორის მოადგილემ.
1800-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, გლობალური დათბობის გამო დედამიწა, დაახლოებით, 1,2 გრადუსი ცელსიუსით უფრო ცხელი გახდა, რაც გამოიწვია წიაღისეული საწვავის დაწვამ. კლიმატის ცვლილებამ ძლიერი სიცხის პერიოდები უფრო გაახანგრძლივა და გაახშირა, ასევე გააძლიერა ამინდის სხვა ექსტრემალური მოვლენები, როგორებიცაა: ქარიშხალი და წყალდიდობა.
მსოფლიო ოკეანის ტემპერატურამაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რის გამოც მეცნიერებმა გამოთქვეს შეშფოთება პლანეტის კლიმატის, ზღვის ცხოველებისა და სანაპიროსთან მცხოვრები თემების შესახებ. ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორიის მონაცემებით, 30 ივლისს ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურა 20,96 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა.
"ჩვენ ახლა შემსწრენი ვართ ჰაერისა და ოკეანის ზედაპირის გლობალური ტემპერატურის რეკორდული მატებისა. ამ შედეგებს აქვს დამანგრეველი გავლენა პლანეტისა და ადამიანებისთვის, რომლებიც უფრო ხშირი და ინტენსიური ექსტრემალური მოვლენებისადმი მოწყვლადები გახდებიან", — თქვა ბერჯესმა.
ტყის ხანძრებმა გაანადგურა საბერძნეთის ტერიტორია და დაწვა 12 მილიონი ჰექტარი კანადაში, მაშინ როცა სამხრეთ ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილები, სამხრეთ შეერთებული შტატები და ჩინეთის გარკვეული რეგიონები თბურ ტალღებს ებრძოდა. მომაკვდინებელი წვიმები, რომლებიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ბოლო დღეებში დაატყდა, ბოლო 140 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო.
კარლო ბუონტემპოს, კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორის, თქმით, წელს დაფიქსირებული ტემპერატურა "კაცობრიობის ისტორიის ბოლო 1 000, ან, ალბათ, უფრო მეტიც, 100 000 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა".
რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის და თანმიმდევრულად მიჰყვება პროგნოზებს, რომლებსაც მეცნიერები წლების განმავლობაში აკეთებდნენ.
გაეროს ხელმძღვანელის, ანტონიო გუტერეშის, თქმით, "გლობალური დათბობის ერა დასრულდა და გლობალური დუღილის ერა დაიწყო".
კომენტარები