რა მოხდა რაჭაში? — ექსპერტთა ამჟამინდელი შეფასებები
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გამოყვანა და სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
იხილეთ: ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან — განახლებადი
მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ოფიციალური განცხადება ვიხილეთ. რაც მთავარია, ექსპერტები ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს.
მაია ბითაძის, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რაჭაში უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია.
მერაბ გაფრინდაშვილმა, გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგმა, მოვლენა ასე ახსნა:
"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა, ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში — მყინვარი თბილისა და ბუბა — ამას თან დაერთო უხვი ნალექი".
გაფრინდაშვილის განმარტებით, უხვმა ნალექმა და წყლის ნაკადმა ხეობაში არსებული მყარი ნატანი დაძრა. ამას თან ნაპირების გარეცხვაც დაერთო. შედეგად ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესები განვითარდა, ღვარცოფში გადაიზარდა და ამ მასშტაბის სტიქია გამოიწვია — მათი ვარაუდით, "5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში".
"...ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა — ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე", — განაცხადა ირაკლი მეგრელიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
მეგრელიძის თქმით, პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ იმის პროგნოზირება, თუ როდის მოხდება ეს, ფაქტობრივად შეუძლებელია.
"მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას", — თქვა მეგრელიძემ.
სტიქიისას მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით ვარაუდი გეოლოგმა გიორგი ბოიჩენკომაც გამოთქვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
"რამდენიმე დღის განმავლობაში მოვიდა ჭარბი ნალექი. პირველი ვარიანტით, შესაძლოა, მდინარე ბუბას ზედა ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია შეგუბება და ეს ნაკადი დაიძრა. და მეორე ვარიანტი — მოწყდა მყინვარის (იქ ორი მყინვარია) ნაწილი, თან წამოიღო მორენა (მიწის მასა და ნატეხი მასა) და ეს ყველაფერი ერთდროულად გადაიზარდა ღვარცოფში", — განაცხადა ბოიჩენკომ.
რაც არ უნდა მომხდარიყო, როგორც თავდაპირველად გაფრინდაშვილისგან მოვისმინეთ, სიტუაცია სტაბილურია და ამ ეტაპზე მოსალოდნელი არაა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია განმეორდება. მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდო იყო ტრაგედიის თავიდან არიდებაც, რადგან მსგავსი მასშტაბისა და სირთულის სტიქიის პროგნოზირება არასდროს მოხერხებულა.
"სტიქია რომელიც გუშინ ამ ლოკაციაზე განვითარდა, სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან — რთული მორფოლოგიური და გეოლოგიური პირობები და ის პროცესები, რომლებიც ამ რთულ რეგიონს თავს დაატყდა. ამ ეტაპზე, განმეორების საფრთხე არ არსებობს", — თქვა მერაბ გაფრინდაშვილმა.
იხილეთ: რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი შოვის სტიქიაზე
იმას, რომ საფრთხე უკვე ნაკლებადაა, ირაკლი მეგრელიძეც ადასტურებს. ეს იმიტომ, რომ დიდი მასა უკვე ჩამოსულია. მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის გეოლოგიისა და კლიმატის ცვლილების გამო დაცულები მაინც არ ვართ.
"ამ ეტაპზე, ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართ არა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები", — აცხადებს მეგრელიძე.
რაჭაში მომხდარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც გამოეხმაურა საქართველოში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით".
"ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ", — წერია განცხადებაში.
სავარაუდოდ, მოვლენათა შესაძლო განვითარების უფრო ზუსტად ახსნა დროთა განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
კომენტარები