ვების ტელესკოპმა პლანეტების მაფორმირებელ დისკოში წყალს მიაგნო
დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის წყალი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კომპონენტია, ამიტომ მეცნიერები სწორედ ისეთ ციურ სხეულებს ეძებენ, სადაც ეს სითხეა. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ის აქ ასტეროიდების მეშვეობით მოხვდა, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, პლანეტებზე დიდი ოდენობით წყალი მათი ფორმირებისთანავე იყოს.
საქმე ისაა, რომ ვების ტელესკოპმა აღნიშნული ნაერთის კვალი პლანეტების მაფორმირებელ დისკოში აღმოაჩინა, რომელიც ჩვენგან 370 სინათლის წლითაა დაშორებული. მტვრისა და აირის ეს ღრუბელი ვარსკვლავ PDS 70-ს აკრავს გარს, რომელსაც 3/4 მზის მასა აქვს და სულ რაღაც 5.4 მილიონი წლისაა, ანუ ჩვენს მნათობზე ახალგაზრდა და ცივია. მისი შესწავლა შესაძლოა, მზის სისტემის წარმოქმნის შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმაროს.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ წყალი დისკოს ცენტრთან ახლოს დააფიქსირა. ის იქ ცხელი ორთქლის სახითაა წარმოდგენილი, რადგან 330°C ტემპერატურის პირობებშია. მეცნიერთა თქმით, ამ რეგიონში შესაძლოა, დედამიწის მსგავსი, მყარი ციური სხეულები ყალიბდებოდეს. სწორედ ამგვარ არეალში გაჩნდა ჩვენი მშობლიური პლანეტა და სხვა მეზობელი კლდოვანი ობიექტები.
ახალი მიგნება მიანიშნებს, რომ მსგავს რეგიონებში წყალი თავიდანვე გვხვდება და სიცოცხლისთვის თავსებადი პლანეტების წარმოქმნის შანსს ზრდის. ასევე, წინა კვლევებისგან განსხვავებით, ახლა დადგინდა, რომ წყალი შეიძლება ახალგაზრდა ვარსკვლავების რადიაციას გადაურჩეს.
სპეციალისტებს PDS 70-ის დისკოს ცენტრში პლანეტის კვალი ჯერ არ გამოუვლენიათ, თუმცა შედარებით მოშორებით აირის 2 გიგანტს მიაგნეს: PDS 70 b-სა და c-ს. ასტრონომები ამბობენ, რომ ამ უზარმაზარი ციური სხეულების ძლიერი გრავიტაცია ყინულით მდიდარი ფრაგმენტების ცენტრისკენ გადანაცვლებას აფერხებს.
სისტემაში წყლის არსებობას ავტორები იმით ხსნიან, რომ მას ნისლეული შეიცავდა, რომელშიც PDS 70 დაიბადა. მნათობის რადიაციის მიერ ამ მნიშვნელოვანი ნაერთის განადგურებას, მათი აზრით, დისკოში თავმოყრილი მტვერი და სხვა მატერია უშლის ხელს. არაა გამორიცხული ისიც, რომ წყალბადისა და ჟანგბადის აირები გაერთიანებულიყო, წყლის ორთქლად გარდაქმნილიყო და ვარსკვლავთან ახლოს გადაადგილებულიყო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები