კომპანია Apple თავისივე AI ჩატბოტს ქმნის — რა ვიცით
Bloomberg-ის უწყებით, კომპანია Apple თავისივე AI ჩატბოტს ქმნის. ინჟინრები მას ხუმრობით AppleGPT-ს უწოდებენ, თუმცა ინსტრუმენტთა კომპლექტს რეალურად Ajax ეწოდება. ეს იმიტომ, რომ დიდი ენის მოდელი (LLM) Google-ის JAX კარკასზე ააგეს.
წყაროს თანახმად, პროექტზე Apple-ის რამდენიმე გუნდი მუშაობს. აქედან ერთი კონკრეტულად კონფიდენციალურობის შესაძლო საფრთხეებზეა ორიენტირებული.
ჯერჯერობით უცნობია, რაში ან რა პლატფორმაზე გამოიყენებს კომპანია ბოტს. საუბარი არ ყოფილა გამოშვების თარიღზეც.
Bloomberg-ის უცნობ წყაროს თუ დავუჯერებთ, ოფიციალურ განაცხადსა და დამატებით დეტალებს მომავალ წელს უნდა ველოდოთ. Apple-ის ყოველწლიური კონფერენცია შემდეგ თვეში იგეგმება, ამიტომ, შესაძლოა, რაიმე Ajax-ის შესახებაც შევიტყოთ.
საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ ტიმ კუკმა, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Good Morning America-ში განაცხადა, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს კომპანია ყურადღებით აკვირდება.
Bloomberg-ის თანახმად, ინიციატივას ჯონ ჯანანდრეა და კრეიგ ფედერიგი (კომპანიის უფროსი ვიცეპრეზიდენტი software ინჟინერიის მიმართულებით) ხელმძღვანელობენ. ჯინანდრეა თავდაპირველად Siri-ს ზედამხედველობდა და მანქანური სწავლის კუთხით მის შესაძლებლობებს აფასებდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ჩატბოტის მეშვეობით ციფრული ასისტენტი გააუმჯობესონ.
ბოლო რამდენიმე თვეა, გენერაციული AI-ს კუთხით არაერთი სიახლეა. ტენდენციას ყველა დიდი ტექნოლოგიური კომპანია უერთდება. ახლახან Meta-მ და Microsoft-მა Llama 2 გამოუშვეს, კომერციული მოხმარებისათვის გამიზნული AI ჩატბოტი.
კომენტარები