ასტეროიდს აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერის სახელი მიენიჭა — (32481) Inasaridze
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერის, რაგული ინასარიძის პატივსაცემად ასტეროიდს სახელი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასტრონომიულმა გაერთიანებამ მიიღო და (32481) Inasaridze-დ წოდებული კოსმოსური სხეული ახალ ოფიციალურ ბიულეტენში წარადგინა.
აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია ბიულეტენის 25-ე გვერდზე წერია:
"რაგული ინასარიძე (1950) აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მომუშავე ქართველი ასტრონომია. ის ასტეროიდებზე ფოტომეტრიული და ასტრომეტრიული დაკვირვებების ექსპერტია. მას დედამიწასთან ახლომდებარე ასობით ასტეროიდის ფიზიკური მახასიათებლების კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის".
რაც შეეხება თავად კოსმოსურ სხეულს, ის მზის სისტემაში არსებულ ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის რეგიონში გადაადგილდება. (32481) Inasaridze მეცნიერებმა 2000 წლის 30 სექტემბერს, ანდერსონ მესას სახელობის ასტრონომიული სადგურის პროექტის LONEOS ფარგლებში, აშშ-ში მდებარე ლოუელის ობსერვატორიის მეშვეობით აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ასტეროიდებს იმ მეცნიერთა სახელებს ანიჭებენ, რომლებსაც ასტრონომიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. სწორედ მათ შორისაა რაგული ინასარიძე, რომელმაც 1980 წელს ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა. მას არაერთი სტატია და ნაშრომი ეკუთვნის, რომლებიც ავტორიტეტულ გამოცემებშია გამოქვეყნებული.
კომენტარები