კანიბალიზმი ჩვენს ევოლუციურ წინაპრებში? — რას ამბობს ახალი კვლევა
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჩვენი ევოლუციური წინაპრის წვივის ძვალზე არსებული დაზიანებები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ კანიბალიზმის უძველეს, 1.45 მილიონი წლის წინანდელ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე. ეს მიანიშნებს, რომ ჰომო საპიენსის ნათესავი ჰომინინები ერთმანეთს ასე ადრეულ პერიოდშიც ჭამდნენ.
ძვალს სპეციალისტებმა ჩრდილოეთ კენიაში მიაგნეს. მასზე 11 ნაკაწრი ფიქსირდება, რომლებიც სპეციალისტებმა დეტალურად გააანალიზეს და სამგანზომილებიანი მოდელებიც შექმნეს, რათა სხვა მსგავს ნიმუშებთან შეედარებინათ. აღმოჩნდა, რომ 9 მათგანი ქვის იარაღით მიყენებულ დაზიანებებს შეესაბამება, სხვები კი ლომის მსგავსი დიდი კატის ნაკბენს უკავშირდება.
მხოლოდ ამ ნაკაწრების მიხედვით ძნელია იმის თქმა, გამოიყენა თუ არა მსხვერპლი ჰომინინის ფეხი საკვებად მან, ვინც ის დაასახიჩრა, მაგრამ ავტორები ამბობენ, რომ ეს ყველაზე სარწმუნო სცენარია. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული იარები ძალიან ჰგავს ცხოველებისას, რომელთა ხორციც იმავე მიზნით მუშავდება.
ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ სახეობას მიეკუთვნება ეს ჰომინინი. თავდაპირველად, სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით, ის Australopithecus boisei ეგონათ, შემდეგ კი ჰომო ერექტუსად მიიჩნიეს. ამის მიუხედავად, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, რადგან წვივის ძვალი ძალიან მცირე ინფორმაციას ინახავს.
მეტის გასაგებად მეცნიერები სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი თავის ქალის შესწავლას გეგმავენ, რადგან მასზე იმავენაირი ნაკაწრებია. მათი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები