მეცნიერება კოღოების წინააღმდეგ — ანუ კოღოების მოგერიების 5 გზა
კოღოები ზაფხულს არაერთ ადამიანს უფუჭებენ, თუმცა, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ეს აბეზარი მწერები ზოგიერთ ინდივიდს განსაკუთრებით "სწყალობენ". ამის მიზეზი ისაა, რომ კოღოები "მსხვერპლს" სუნის მიხედვით არჩევენ და, ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანების ნაწილის სუნი მათთვის ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე — დანარჩენების.
ბევრი ადამიანი მიირთმევს ნიორს და იღებს B ვიტამინის დანამატებს კოღოების მოსაგერიებლად. თუმცა 2005 წელს ჩატარებულ ორ კვლევაში დადასტურდა, რომ ეს მეთოდები კოღოების წინააღმდეგ უსარგებლოა.
მაშ, რა არის სასარგებლო? ქვემოთ შეგიძლიათ, გაეცნოთ 5 პუნქტს, რომლებშიც კოღოების მოგერიების კვლევებზე დაფუძნებული მეთოდებია შემოთავაზებული.
1. საპონის ბრენდი
წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანს Dove და Simple Truth-ის საპნებით დაბანა უფრო მიმზიდველს ხდის კოღოებისთვის. მაგრამ, სხვა ადამიანების შემთხვევაში, არცერთი საპონი არ მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად "გემრიელად გამოიყურებიან" ისინი კოღოების აზრით.
ამდენად, თუკი უიღბლოების მეორე ჯგუფში არ იმყოფებით, შეიძლება საპნის ბრენდის შეცვლამ დადებითი შედეგი გამოიღოს.
2. ბანანი
თუკი კოღოებისგან თავის არიდება გინდათ, ამ ზაფხულს ბანანი ყურძნით ჩაანაცვლეთ. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოღოებს უფრო მეტად იზიდავდათ ადამიანის ხელების სუნი ბანანის მირთმევის შემდეგ.
თუმცა, ეს პატერნი არ მეორდება ნებისმიერი ხილის შემთხვევაში. მაგალითად, ყურძენზე კოღოებს მსგავსი რეაქცია არ ჰქონიათ.
ასე რომ, ხილი ბრძნულად შეარჩიეთ.
3. ლუდი
2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ გაზომა, თუ რამდენად მიმზიდველი იყვნენ ადამიანები კოღოებისთვის ლუდის ან წყლის დალევის წინ და შემდგომ. როგორც აღმოჩნდა, ლუდის დალევის შემდეგ მოხალისეთა სხეულის სურნელი კოღოებისთვის უფრო სასიამოვნო გახდა.
ამავდროულად, წყლის მიღებას მსგავსი ცვლილება არ გამოუწვევია. ამიტომ, თუკი გიღირთ მსხვერპლის გაღება, ამ ზაფხულს ლუდი წყლით ჩაანაცვლეთ.
4. დეოდორანტი
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დეოდორანტების შემადგენლობაში შემავალი ნაერთი (იზოპროპილ ტეტრადეკანოატი) კოღოების მოცილებაში დაგეხმარებათ. დეოდორანტის გამოყენების შემდეგ, 56%-ით შემცირდა კოღოების ადამიანის სხეულზე დაჯდომის რაოდენობა.
ასე რომ, ამ ზაფხულს დეოდორანტები მოიმარაგეთ. ამ გზით არა მხოლოდ კოღოებს აირიდებთ თავიდან, არამედ გარშემომყოფებიც მადლიერები დაგრჩებიან.
5. მწერების საწინააღმდეგო საშუალება
მწერების საწინააღმდეგო საშუალებებში გვხვდება ქიმიკატი (Deet), რომელიც კოღოებს მაინც და მაინც არ უყვართ. იგი სასიამოვნო სურნელით არ გამოირჩევა, თუმცა მისი შემცველი მწერების საწინააღმდეგო საშუალებები კოღოების წინააღმდეგ ყველაზე ხანგრძლივ დაცვას გთავაზობთ.
თქვენ რომელი მეთოდის გამოყენებას აპირებთ?
კომენტარები