მოუსმინეთ: ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის ექო
დაახლოებით 200 წლის წინ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში განლაგებულმა ზემასიურმა შავმა ხვრელმა, რომელსაც მშვილდოსან A*-ს სახელით ვიცნობთ, უმძლავრესი ენერგია გამოათავისუფლა. მან რენტგენული კვალი, ერთგვარი ექო დატოვა, რომელიც ასტრონომებმა დააფიქსირეს და მისი სონიფიკაცია შექმნეს, ანუ მონაცემები აუდიო მასალად აქციეს.
ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე 2 საუკუნის წინანდელი ამ მოვლენის აკუსტიკურ ფორმატში მოსმენა შეგვიძლია.
ირმის ნახტომის გალაქტიკის შუაგულში არსებული შავი ხვრელის გარემომცველი მოლეკულური ღრუბელი ზემოხსენებული კაშკაშა ე.წ. ანთების კვალს ინახავს. ის იმდენად ნათელი იყო, რომ მზის მიერ 820 000 წელში გამოყოფილ ენერგიას უტოლდებოდა, თანაც მშვილდოსან A*-ს მის წარმოსაქმნელად მხოლოდ 1 წელი დასჭირდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ საქმე რენტგენულ არეკვლასთან გვაქვს, გამოსხივებასთან, რომელმაც პოლარიზაცია განიცადა. მსგავსი პოლარიზებული სინათლე სხივების მიმართულებაზე გვაწვდის ინფორმაციას და მისი წყაროს იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს.
ამ შემთხვევაში, აღნიშნული წყარო სწორედ ზემასიური შავი ხვრელი აღმოჩნდა. რენტგენული გამოსხივება NASA-ს ტელესკოპების IXPE და Chandra მეშვეობით შეისწავლეს და დაფიქსირებულო ექო აუდიო სპექტრში გადაიყვანეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები