არქეოლოგებმა ფალოსის ფორმის 15-სმ-იანი ქვა აღმოაჩინეს — რისთვის გამოიყენებოდა ის
ფალოსის ფორმის უძველესი ნივთები (ზოგიერთი მათგანი რომის იმპერიის დროინდელია), რომლებიც მეცნიერებმა მთელი მსოფლიოს გარშემო (პაკისტანში, შვედეთში, თურქეთში და ა.შ.) აღმოაჩინეს, საიდუმლოებითაა მოცული.
ეს ობიექტები იზიარებს საერთო მახასიათებელს, კერძოდ, იმას, რომ ისინი გარკვეული გამოყენების, ფუნქციის მატარებლები უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი მკაფიო ფორმა და ზემოდან მოჩუქურთმებული რგოლები მიუთითებს, რომ ისინი მამაკაცის სასქესო ორგანოს სიმბოლოა, ისტორიკოსები დიდი ხანია კამათობენ, გამოიყენებოდა ისინი დამხმარე საშუალებად სქესობრივი აქტის დროს თუ კემსვისას, როგორც ცნობილი ხის კვერცხი.
მაგრამ ახლა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფალოსის ფორმის 15-სანტიმეტრიანი ქვა, რომელიც, შესაძლოა, სექსუალურ კონოტაციას სულაც არ ატარებდეს. უფრო მეტიც, არქეოლოგების აზრით, იგი საბრძოლო იარაღების გასალესად გამოიყენებოდა. Arkeonews-ის ცნობით, არქეოლოგებმა ქვის პენისის ფუნქცია დაადგინეს ფალოსის ქვის ერთ მხარეს ცვეთის მკაფიო ნიშნებზე დაკვირვებით.
"ეს საინტერესო ობიექტია, რადგან იგი უჩვეულოა და ასახავს სიმბოლურ კავშირს ძალადობას, იარაღსა და მასკულინურობას შორის — ასოციაცია, რომელიც, როგორც ვიცით, შუა საუკუნეებში არსებობდა და რომელიც დღემდეა შემორჩენილი ჩვენს კულტურაში", — განაცხადა დარიო პენია-პასკუალმა, არქეოლოგმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გათხრებს.
ჯგუფმა 15 სანტიმეტრის სიგრძის რელიკვია 19 მაისს, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, რია დე ვიგოს შესართავში, არქეოლოგიურ ადგილზე გათხრების დროს იპოვა. ფალოსის ფორმის ქვა აღმოაჩინეს სხვა ნივთებთან ერთად, როგორებიცაა: კერამიკული ნაწარმი და ქვის თითისტარები.
არქეოლოგების თქმით, გასალესი იარაღები ჩვეულებრივი აღმოჩენაა შუა საუკუნეების პერიოდის გათხრების ადგილებში. მათი განცხადებით, შუა საუკუნეებში ამგვარი ქვები ვულგარულად არ მიიჩნეოდა. პირიქით, ისინი წარმოადგენდა "თაყვანისცემის ობიექტებს" და გამოიყენებოდა მრავალი ფუნქციით, მათ შორის — ბოროტების თავიდან ასარიდებლად.
კომენტარები