თუ ნანატრ შვებულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ან საერთოდ ვერ გადიხართ ქალაქგარეთ ამ ზაფხულს, დროა იფიქროთ, როგორ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა თბილისში, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსსაც კი აღწევს.

On.ge შეეცადა გაერკვია, რა ღირს თბილისის ღია თუ დახურულ აუზებზე შესვლა და ცხელ ამინდში ოდნავ მაინც გაგრილება.

ვაკის საცურაო აუზი

ილია ჭავჭავაძის 49 ნომერში მდებარე ვაკის საცურაო აუზი იღებს როგორც დიდებს, ისე პატარებს.

თუ ერთი დღით გადაწყვეტთ ესტუმროთ აუზს, შეუზღუდავი დრო, ბასეინით, ფიტნეს-დარბაზით, საუნებით მშრალი ორთქლით, ჯაკუზითა და პირსახოცებით, ერთჯერადად 60 ლარი დაგიჯდებათ.

ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის შემთხვევაში, 350 ლარის გადახდა მოგიწევთ. დიდების აუზი დილის 7-დან საღამოს 11 საათამდეა ღია.

საჭყუმპალაოში ბავშვებს 3 წლიდან ინდივიდუალურად იღებენ, ხოლო 4 წლიდან 10 წლამდე -ჯგუფურად.

ინდივიდუალური ვიზიტების შემთხვევაში, კვირაში სამჯერ, ნახევარსაათიანი გაკვეთილები, თვეში 264 ლარი ღირს.

ჯგუფები დილის საათებში, 11-დან 4 საათამდე, 120 ლარი ღირს, ხოლო საღამოს საათებში - 4-დან 9 საათამდე, ფასები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, 150-დან 180 ლარამდე ნაწილდება.

ოლიმპიური აუზი

ოლიმპიურ აუზზე ერთდღიანი (ერთჯერადი) ვიზიტი 30 ლარი ღირს, ხოლო ერთთვიანი აბონემენტი - 145 ლარი. მომსახურების მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, რაც ერთი თვის განმავლობაში 22 ვიზიტს გულისხმობს, დილის შვიდი საათიდან საღამოს 11 საათამდე. მომსახურებას ემატება შეზლონგი და პირსახოცი.

ოლიმპიური აუზის ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი 260 ლარი ღირს. მომსახურეობის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, დილის შვიდი საათიდან საღამოს 11 საათამდე.

ტონუსი

ბალანჩივაძის ქუჩაზე არსებული საცურაო აუზი ტონუსი დახურული აუზია, რომელიც დილის 7-დან ღამის 11 საათამდე ფუნქციონირებს.

ტონუსში ერთი ადამიანის ვიზიტი, ერთჯერადად, ნებისმიერ დღეს, 20 ლარი ღირს, ხოლო ერთთვიანი, ულიმიტო მომსახურება - 350 ლარი.

აუზზე სხვადასხვა სახის აბონემენტის შეძენაც შეგიძლიათ.

15 წლის ზემოთ:

  • კვირაში 2-ჯერ ვიზიტი - 120 ლარი;
  • კვირაში 3-ჯერ - 155 ლარი;
  • კვირაში 6-ჯერ - 185 ლარი.

15 წლის ქვემოთ:

  • კვირაში 2-ჯერ ვიზიტი - 80 ლარი;
  • კვირაში 3-ჯერ - 105 ლარი;
  • კვირაში 6-ჯერ - 155 ლარი.

თბილისის ზღვის კლუბი

თბილისის ზღვის კლუბში (Tbilisi Sea Club) სეზონი გაიხსნა. აუზი ღიაა ყოველდღე, დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე. კლუბში შესვლა 15 ლარი ღირს და 3 სხვადასხვა აუზს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვაზე უფასო საცურაო ადგილებიც არის.

Holiday Inn

ჰოლიდეი ინის ღია აუზი სასტუმროს მესამე სართულზე მდებარეობს. აუზი დილის შვიდიდან საღამოს 11 საათამდე ღიაა და იქ შესვლა კვირის დღეებში, ერთჯერადად, 50 ლარი ღირს, შაბათ-კვირას - 75 ლარი. მომსახურებაში შედის ფიტნესი და საუნა.

ჰოლიდეი ინის აუზზე შემდეგი აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ:

  • ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი - 550 ლარი;
  • 12 ვიზიტი დილის 7-დან დილის 11 საათამდე - 250 ლარი;
  • 8 ვიზიტი ნებისმიერ დროს - 300 ლარი.

საცურაო აუზი ნეპტუნი

ჭავჭავაძეზე მდებარე სპორტ-კომპლექს ნეპტუნში ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი 350 ლარი ღირს. მომსახურებაში შედის აუზები, სატრენაჟორო დარბაზები, საუნები, შეზლონგი და პირსახოცი.

აუზზე თვეში 12 ვიზიტი 300 ლარი ღირს, ხოლო 1 ვიზიტი - 50 ლარი.

ნეპტუნის აუზი დილის 7-დან ღამის 11 საათამდეა ღია. მას მოძრავი სახურავი აქვს და კარგ ამინდებში იღება. აქვე შეგიძლიათ ნახოთ სპორტკომპლექსის ტარიფები სრულად.

ჯინო ფერედაისი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯინო ფერედაისში არის როგორც ღია, ისე დახურული საცურაო აუზი. აუზზე ერთთვიან ულიმიტო აბონემენტს ვერ შეიძენთ, რადგან ეს მომსახურება მათ არ აქვთ.

კვირის დღეებში, აუზზე შესვლა ერთჯერადად და ერთ პერსონაზე 30 ლარი ღირს, შაბათ-კვირას - 40 ლარი. მომსახურებაში შედის უფასო შეზლონგი და არ შედის პირსახოცი.

ჯინო ფერედაისი დილის 10-დან საღამოს 10 საათამდეა ღია. აუზზე 6 წლამდე ბავშვების შეყვანა უფასოა.

Radisson Blu Iveria

რადისონში ორი აუზია, ერთი ღია და მეორე გადახურული. ორივე აუზის ფასები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ღია აუზს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ესტუმროთ, თუმცა ფასები დღეების მიხედვით განსხვავებულია:

  • ვიზიტი ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 60 ლარი ღირს;
  • პარასკევს - 75 ლარი. მომსახურებაში შედის უფასო კოქტეილი;
  • შაბათ-კვირას კი - 90 ლარი.

დახურულ აუზზე ნებისმიერ დღეს ვიზიტი 80 ლარი ღირს.

ფასიანი აუზების გარდა, შეგიძლიათ ესტუმროთ უფასო საცურაო ადგილებს ლისის ტბაზე, კუს ტბასა და თბილისის ზღვაზე.

აუზების ეს სია, შეიძლება, არ იყოს სრულყოფილი. გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ სხვა აუზებზე, რომლის შესახებაც გსმენიათ.