თბილისში მალე პირველი აპარატი გამოჩნდება, რომლითაც ბოთლებს კრიპტოვალუტაზე გადავცვლით
წამოწყება ქართულ კომპანია ტენეს ეკუთვნის და ასევე ქართული Edison Tech Solutions-ის ტექნოლოგიაზე მზადდება.
საქართველოში იქმნება და მალე განთავსდება აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ბოთლებს კრიპტოვალუტაზე გადავცვლით. წამოწყება ქართულ კომპანია ტენეს ეკუთვნის და ეკომეგობრულობის წახალისებას ემსახურება.
ტენეს განცხადებით, პირველი ქართული "უკუვენდინგ" აპარატის კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია. იგი Edison Tech Solutions-ის, ქართული ტექნოლოგიური კომპანიის, ტექნოლოგიით მზადდება. მალევე იგეგმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მომზადებაც.
როგორც განცხადებიდან ვიგებთ, ამის შემდეგ აპარატი საშუალებას მოგვცემს, ბოთლების სანაცვლოდ ტენეს კრიპტოვალუტა, "პლასტმასის ქოინი", მივიღოთ. სურვილის შემთხვევაში ამ უკანასკნელს კომპანიის შექმნილ USB სადენში გადავცვლით, სამომავლოდ კი — ნაღდ ფულშიც. თითო ბოთლის სანაცვლოდ შესაძლებელი იქნება მობილურის დამუხტვაც.
ცნობისთვის, ტენე ქართული კომპანიაა, რომელიც ეკომეგობრული ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას ცდილობს, მომხმარებელს კი ნარჩენების სანაცვლოდ სასარგებლო პროდუქციის მიღებას სთავაზობს.
კომპანია რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა და თავდაპირველად USB კაბელებს ჰყიდდა ადგილობრივ ბაზარზე. მოგვიანებით იმპორტირებული პროდუქცია კომპანიის მიერვე წარმოებულმა ჩაანაცვლა — საწარმომ პლასტმასის მოხმარებული ნივთების გადამუშავება და ამის საშუალებით ეკომეგობრული პროდუქტის შექმნა დაიწყო.
იხილეთ: ეს ქართული კომპანია საყოფაცხოვრებო ნარჩენს სასარგებლო პროდუქციაში გადაგიცვლით
კომენტარები