ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრის მიმდებარედ ასობით უცნაური, ძაფისებრი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომლებიც 5-10 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და უხილავია, რადგან მხოლოდ რადიოტალღების მეშვეობით ვლინდება. ეს მიანიშნებს, რომ ისინი მაღალენერგიული ნაწილაკების ნაკადების შედეგად გაჩნდა, რომლებიც ზემასიურ შავ ხვრელ მშვილდოსან A*-ს უკავშირდება.

ეს წარმონაქმნები, იგივე ფილამენტები, სწორედ შავი ხვრელის მიერ გამოტყორცნილ ნაკადთა კვალია, რომელიც მან გარემომცველი აირადი ღრუბლის გარღვევისას დატოვა. ისინი ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელისკენაა მიმართული, რომელიც მზეზე 4 მილიონჯერ მასიურია.

ის იმდენად მძლავრია, რომ დიდი ოდენობით ენერგიას ათავისუფლებს, რის შედეგადაც ფორმირებული რადიონაკვალევი აქამდეც დაუფიქსირებიათ. მათ შორისაა ერთგვარი ბუშტები, რომლებიც მშვილდოსან A*-ს სხვადასხვა მხრიდან 25 000 სინათლის წლის დისტანციაზე ვრცელდება და ვერტიკალური ფილამენტები.

რადიოენერგიის ბუშტები ირმის ნახტომის ცენტრში.

ფოტო: NASA/ MEERKAT

სპეციალისტებმა ახალ სტრუქტურებს MeerKAT-ის ტელესკოპის მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების გზით მიაკვლიეს. კერძოდ, მათ ენერგიის ახლომდებარე წყაროების "ფონური ხმაური" ჩაახშეს და ჰორიზონტალური ფილამენტები გამოავლინეს, რომლებიც, ვერტიკალურისგან განსხვავებით, შავი ხვრელის მახლობლად მხოლოდ ერთ მხარესაა განლაგებული და ბევრად მოკლეა. ისინი 6 მილიონი წლის წინ, მშვილდოსან A*-ს ენერგიული გამოფრქვევებისას უნდა გაჩენილიყო.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.