ჰაბლის ტელესკოპმა იშვიათი ტიპის შავი ხვრელი გამოავლინა
მეცნიერებმა, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით, იშვიათი ტიპის შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენგან 6 000 სინათლის წლის მოშორებით, ღრიანკალის თანავარსკვლავედშია განლაგებული.
ესაა საშუალო მასის მქონე ობიექტი, რომელიც ვარსკვლავური მასის მქონე და ზემასიურ შავ ხვრელებს შორის გარდამავალ ტიპში ერთიანდება, თუმცა მსგავსი მაგალითები მრავლად არ მოგვეპოვება. ახალი მიგნება მიუთითებს, რომ ისინი სამყაროში შესაძლოა, იმაზე გავრცელებული იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ამ შავი ხვრელის არსებობაზე სპეციალისტებს ჰაბლის მიერ დაფიქსირებულმა ვარსკვლავთა პატარა შეჯფუგებამ Messier 4 მიანიშნა, რომელზეც რაღაც გრავიტაციულ გავლენას ახდენს. ეს, მათი აზრით, სწორედ შავი ხვრელი უნდა იყოს, რომელსაც 800 მზის მასა აქვს.
ირმის ნახტომის გალაქტიკაში 100 მილიონამდე შავი ხვრელია აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობასაც ვარსკვლავური მასა აქვს ან ზემასიურია. საშუალო მასის მქონე ობიექტები უფრო ძნელად შესამჩნევია და ისინი, მეცნიერთა ვარაუდით, ძირითადად პატარა გალაქტიკების ცენტში გვხვდება. მათი წარმოქმნის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
ავტორთა მიერ შექმნილმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ ასეთ მასას ნეიტრონულ ვარსკვლავებს, თეთრ ჯუჯა მნათობებს ან შავ ხვრელთა ერთობლიობას ვერ მივაწერთ. საქმე ისაა, რომ ეს ობიექტი ბევრად მკვრივია, ვიდრე ჩამოთვლილი კანდიდატების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები