მეცნიერებმა 1500 წლის შემდეგ ბიბლიის აქამდე უცნობი, დამალული თავი აღმოაჩინეს
მეცნიერები, რომლებიც ულტრაიისფერ ფოტოგრაფიას იყენებენ, აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც დაფარული იყო ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ 1500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსმა, გრიგორი კესელმა, ეს აღმოჩენა გამოაქვეყნა ჟურნალ New Testament Studies-ში, ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში. New Testament Studies არის რეცენზირებული აკადემიური ჟურნალი, რომელიც ქვეყნდება კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესის მიერ.
კესელის თქმით, მან გამოიყენა ულტრაიისფერი ფოტოგრაფია, რათა ენახა ადრინდელი ტექსტი პალიმფსესტზე დაწერილი სიტყვების სამი ფენის ქვეშ. პალიმფსესტი ხელნაწერის უძველესი ტიპია, რომლის ფურცლებიც გადარეცხვის შემდეგ ხელახლა გამოიყენებოდა ინფორმაციის დასატანად.
პალიმფსესტებს ძველ დროში პერგამენტის სიმწირის გამო იყენებდნენ. სიტყვები რამდენჯერმე იწერებოდა მასალაზე, სანამ რამდენიმე ფენა არ დაფარავდა მანამდე დაწერილ ტექსტს.
კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი არის მათეს წიგნის მე-12 თავის დიდი ხნის უნახავი ვერსია, რომელიც თავდაპირველად იყო ბიბლიის ძველი სირიული თარგმანის ნაწილი, დაახლოებით, 1500 წლის წინ. მკვლევრის თქმით, მან ეს აღმოჩენა ვატიკანის ბიბლიოთეკაში შენახულ ხელნაწერში გააკეთა.
ხელნაწერი მკვლევრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიგონ ბიბლიის ტექსტური ევოლუციის ადრეული ფაზები. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ასევე, გარკვეულწილად, განსხვავდება ტექსტის თანამედროვე თარგმანებისგან.
კომენტარები