WhatsApp-ს გაგზავნილი შეტყობინების რედაქტირების ფუნქცია ემატება — როგორ გამოვიყენოთ
კომპანია Meta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპლიკაცია WhatsApp-ის მომხმარებლებს ამიერიდან გაგზავნილი შეტყობინებების რედაქტირება შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ადრესატამდე მისულ ტექსტში შემთხვევით არასწორად დაწერილ სიტყვას მარტივად შეასწორებთ და უხერხულობასაც აიცილებთ თავიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია ბეტა ვერსიის სახით ბოლო თვეებში უკვე გამოჩნდა, თუმცა ახლა გლობალურად ჩაეშვება და მომდევნო კვირებში მისით სარგებლობის საშუალება ყველას მიეცემა.
მიწერილი შეტყობინების დასარედაქტირებლად მას ხანგრძლივად უნდა დააჭიროთ, შემდეგ კი "edit" აირჩიოთ და სასურველი სიტყვა შეცვალოთ. გასათვალისწინებელია, რომ ამის გაკეთება გაგზავნიდან 15 წუთის ფარგლებში უნდა მოასწროთ. საბოლოოდ, შეცვლილ ტექსტთან, დროის მაჩვენებელთან ახლოს, პატარა მინიშნება "edited" გამოჩნდება, რომელიც ადრესატს მიახვედრებს, რომ თქვენ ტექსტი შეასწორეთ.
WhatsApp-ში გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქცია აქამდეც ხელმისაწვდომი იყო, რაც შეცდომის ამ გზის გამოსწორებას ხდიდა შესაძლებელს, თუმცა რედაქტირების არჩევანი ბევრად ხელსაყრელია. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ფუნქცია Apple-მა iMessage-ში ჯერ კიდევ შარშან დაამატა.
კომენტარები